დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი ორი მატჩი - რეალი მიიღებს ბაიერნს, არსენალი კი სპორტინგს ესტუმრება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრებისგან.
რეალი V ბაიერნი | 23:00
ძველი ნაცნობების დაპირისპირება, რომლებიც აქამდე ერთმანეთს 28-ჯერ შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არის ფრე - 12-ჯერ იმარჯვა რეალმა, 12-ჯერ - ბაიერნმა, 4 თამაში ფრედ დასრულდა. გამოსარჩევია ისიც, რომ 2012 წლის შემდეგ, უკვე 8 შეხვედრაა, რაც აღნიშნული დუელი მიმდინარეობს მხოლოდ ერთი კლუბის დომინირებით, მადრიდელების.
ექვსი გამარჯვება და ორი ფრე - ასეთია "სამეფო კლუბის" შედეგი მიუნხენურ გუნდთან ბოლო რვა მატჩში. ვნახოთ, შეძლებს თუ არა "რეკორდმაისტერი" ნავსის გატეხვასა და სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების ბარიერის გადალახვას. ამის წინაპირობა არსებობს, იმის გათვალისწინებით, რომ ალიანც არენას მკვიდრები უბრალოდ ბრწყინვალე ფორმაში არიან.
11 გამარჯვება და 2 ფრე, ვენსან კომპანის გუნდის ბოლო მარცხი 24 იანვრით თარიღდება. ალვარო არბელოას შეგირდები ვერ დაიკვეხნიან მსგავსი სტაბილურობით: 6 მოგება, 3 წაგება, უკანასკნელ 9 შეხვედრაში. რაც შეეხება დანაკლისს, რეალს ვერ დაეხმარებიან ტიბო კურტუა, ფერლან მენდი და როდრიგო გოესი, ასევე საეჭვოა დანი სებალიოსის თამაშიც.
ბაიერნის დანაკლისი - სვენ ულრაიხი, დავიდ დაიბერი, კასიანო კიალა და უისდომ მაიკი. კითხვები იყო ჰარი კეინის მიმართებაშიც, ვინც საერთაშორისო შესვენებაზე მიიღო მუხლის ტრავმა, მაგრამ უკანასკნელი ინფორმაციით, ვარსკვლავური ფორვარდი მიუნხენელთა განაცხადში იქნება.
ინგლისელი თავდამსხმელი ყველაზე ცუდ შემთხვევაში მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ მადრიდელებსა და "რეკორდმაისტერს" შორის მოგებული 1/2 ფინალში ლივერპულსა და პარის სენ-ჟერმენს შორის ერთ-ერთს შეხვდება.
სპორტინგი V არსენალი | 23:00
რეალისა და ბაიერნის მატჩის პარალელურად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზურისთვის არსენალი და სპორტინგიც იბრძოლებენ. ეს იქნება აღნიშნული კლუბების რიგით მე-8 შეხვედრა და იქამდე, 3-ჯერ მოიგეს ლონდონელებმა, 3 თამაში დასრულდა ფრედ, ლისაბონელებმა კი მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს.
ეს დაპირისპირება განსაკუთრებული იქნება ვიქტორ გიოკერეშისთვის, ვინც "მეთოფეებში" სწორედ "ლომებიდან" გადავიდა. რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, მან უკვე მოირჩინა ტრავმა და ჟოზე ალვალადეს მკვიდრთა შემადგენლობაშიც დაბრუნდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველი შუახაზელი გამოჩნდეს რუი ბორჟესის გუნდის ძირითადში, მაგრამ განაცხადში ის აუცილებლად იქნება.
აქვე დავამატებთ, რომ ემირეიტსის ბინადრებსა და სპორტინგს შორის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბარსელონასა და მადრიდის ატლეტიკოს შორის ერთ-ერთს შეხვდება.









