დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფაზის ფარგლებში ტოტენჰემი ვილიარეალს მიიღებს. თითოეული გუნდის მხრიდან ყურადღების ცენტრში იქნება ორი ფორვარდი: "ყვითლებიდან" გიორგი მიქაუტაძე, ლონდონური კლუბიდან კი მოჰამედ კუდუსი. მათ აერთიანებთ წარსული, რომელიც ამსტერდამის აიაქსს უკავშირდება.
"ებრაელებმა" 2023 წლის ზაფხულში განელი თავდამსხმელი 43 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდეს ლონდონის ვესტ ჰემ იუნაიტედში, მის სანაცვლოდ კი 16 მილიონად მეციდან სწორედ ქართველი ფორვარდი გაიფორმეს. აღნიშნული ტრანსფერები მოხდა 3 დღის შუალედში: 27-30 აგვისტოს.
"ჩაქუჩებში" გადასვლამდე, განის ნაკრების თავდამსხმელს გამოუვიდა შედეგიანი სეზონი იოჰან კრუიფ არენაზე - 42 მატჩი, 18 გოლი. ამის გარდა, უშუალოდ ტრანსფერამდე, 25 წლის ფორვარდს ერედივიზიის 3 ტურში 4 ბურთი ჰქონდა შეგდებული. ერთი სიტყვით, აფრიკელმა შემტევმა აიაქსში იდეალურად წარმოაჩინა თავი.
რაც შეეხება ამსტერდამელთა მე-20 ნომრის შემცვლელს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ნიდერლანდური კარიერა გამოდგა წარუმატებელი და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. პირველ რიგში გამოსარჩევია თავკაცთა ხშირი ცვლა, თავად განსაჯეთ: დეკემბრის ბოლოსთვის "ებრაელებს" უკვე 4 დამრიგებელი ჰყავდათ მოსინჯული.
24 წლის თავდამსხმელის ათამაშება ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა, რის შედეგადაც ის შუა სეზონში კვლავ ლოთარინგიაში დაბრუნდა. რა მოხდა შემდეგ? "სუბმარინას" მე-9 ნომერმა წარმატებით მოახდინა კარიერის რეანიმირება და კრუიფ არენას დატოვების შემდეგ, საკლუბო დონეზე მან 32 ბურთი შეაგდო.
როგორც აღვნიშნეთ, დღეს, მიქაუტაძე უპირისპირდება ფეხბურთელს, რომელიც მას უნდა შეეცვალა აიაქსში, რამდენიმე ტურის შემდეგ კი მისი მეტოქე უშუალოდ ნიდერლანდური კლუბი იქნება. ამსტერდამელთა და სერამიკას ბინადრების შეხვედრა 21 იანვრისთვის არის ჩანიშნული.









