მონაკო V ბარსელონა
ლა ლიგაში დაფიქსირებული საოცარი სტარტის შემდეგ, ბარსელონას განახლებულ ჩემპიონთა ლიგაზეც ვიხილავთ. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში კატალონიელების ანგარიშზე არის 100%-იანი შედეგი, 5/5 მოგება. როგორც ვხედავთ, ჰანსი ფლიკის ხელში ეს გუნდი მართლაც ახლებურად და საოცრად ათამაშდა.
რაც შეეხება მონაკოს, ეს გუნდი მარსელის ოლიმპიკის მსგავსად, პარის სენ-ჟერმენის უახლოესი მდევარია. ლიგა 1-ის ჩემპიონთან ჩამორჩენა ამ დროისთვის 2 ქულას შეადგენს. დღევანდელ მატჩში ფავორიტად ითვლება "ბლაუგრანა", საკადრო პრობლემების მიუხედავადაც კი. "თავადების" წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ ფრენკ დე იონგი, რონალდ არაუხო, დანი ოლმი, პაბლო გავი და მარკ ბერნალი.
რაც შეეხება ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებების ისტორიას - ორი შეხვედრა, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფრების" გამარჯვებით დასრულდა. ყველაფერი ეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1993/94 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. იოჰან კრუიფის შეგირდები იმ სეზონში მივიდნენ ფინალამდე, სადაც მილანთან განადგურდნენ.

ატალანტა V არსენალი
იტალიურ - ინგლისური დაპირისპირებები ყოველთვის საინტერესოა. შეგახსენებთ, რომ ატალანტა არის ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, რომელაც ტურნირის ფინალში ლევერკუზენის ბაიერის წაუგებელი სერია შეწყვიტა. ბერგამოელებს დარჩათ იგივე შემადგენლობა + რამდენიმე ძალიან საინტერესო ახალწვეული.
რაც შეეხება არსენალს, ეს გუნდი არის როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე პრემიერ ლიგაში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი. საინტერესო იქნება მიკელ არტეტას დუელი იმ ტაქტიკოსის წინააღმდეგ, რომელმაც გასულ სეზონში იურგენ კლოპსა და ჩაბი ალონსოს მოუგო.

ატლეტიკო V ლაიფციგი
ატლეტიკო არის გუნდი, რომელიც გასულ დეკადაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა ორჯერ, თუმცა ორივე შემთხვევაში თანაქალაქელ რეალთან დამარცხდა. სეზონის დაწყების წინ, მადრიდელებმა განახორციელეს რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი, რაც მათ ტურნირში ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსს ანიჭებს.
ფეიენოორდი V ლევერკუზენი
ლევერკუზენი აღარ არის დაუმარცხებელი, არც ევროსარბიელზე და არც ბუნდესლიგაში. ევროპა ლიგის ფინალში ეს გუნდი დამარცხდა ატალანტასთან, ბუნდესლიგაში კი ლაიფციგთან, თანაც ცოტა ხნის წინ. ვნახოთ, როგორი იქნება ვერცხლის სინის მოქმედი ტრიუმფატორი ბაიერი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.

ცრვენა ზვეზდა V ბენფიკა
ყველაზე არაპროგნოზირებადი წყვილი, რომელშიც ნებისმიერი შედეგი არის მოსალოდნელი. ბენფიკა ჩემპიონთა ლიგის რეგულარული წევრია, თუმცა სერიოზულ წარმატებას ამ გუნდს უკვე დიდი ხანია, რაც არ მიუღწევია. ვნახოთ, რა იქნება ახალი ფორმატით. შეგახსენებთ, ლისაბონელთა მსგავსად, ჩემპიონთა ლიგა ცრვენა ზვეზდასაც აქვს მოგებული.
ბრესტი V შტურმი
ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება - ოთარ კიტეიშვილის გამოჩენა ჩემპიონთა ლიგაზე. შტურმის მოწინააღმდეგე არის ბრესტი, რომელიც ევროსარბიელის დებიუტანტია. შეგახსენებთ, ლიგაზე თავისი მატჩების ჩატარება უკვე მოასწრეს გურამ კაშიამ და ირაკლი აზაროვმა. ბრატისლავას სლოვანმა წააგო გლაზგოს სელტიკთან, დონეცკის შახტარმა კი ითამაშა ფრე ბოლონიასთან.
20:45 - ფეიენოორდი-ლევერკუზენი
20:45 - ცრვენა ზვეზდა-ბენფიკა
23:00 - მონაკო-ბარსელონა
23:00 - ატალანტა-არსენალი
23:00 - ატლეტიკო-ლაიფციგი
23:00 - ბრესტი-შტურმი












