ხვალ, 5 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიას უმასპინძლეს — შეხვედრა 21 საათზე აიღებს სტარტს. მატჩის წინ, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა კომენტარი გააკეთა.
"მოულოდნელ ცვლილებებს არ ვგეგმავთ და ხვალინდელი მატჩისთვის საუკეთესო შემადგენლობა დავაყენეთ. მეტოქე როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი მორაგბეებით ჩამოვიდა და ვიცით, რომ ურთულესი დაპირისპირება გველოდება წინ. ჩვენ მოედანზე აუცილებლად მოსაგებად გავალთ და ბოლომდე დავიხარჯებით. დარწმუნებული ვარ ჩემს მორაგბეებში და ვიცი, რომ ხვალ ყველაფერს გააკეთებენ სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად. "
შეგახსენებთ, რომ ირლანდიის და საქართველოს ნაკრებები ისტორიაში ერთმანეთს სულ 5-ჯერ შეხვდნენ და ხუთივეჯერ გამარჯვება მეტოქეს დარჩა. ბოლოს ნაკრებები ერთმანეთს 2020 წელს დუბლინში დაუპირისპირდნენ.
ფოტო: ლევან ვერძეული









