კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ტორპედო საკუთარ მოედანზე ომონიას დაუპირისპირდება.
მატჩის წინ კომენტარი ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა და ფეხბურთელმა ოთო გოშაძემ გააკეთეს.
დირკ შუსტერი: "მეკარის დამსახურებაა, რომ სტუმრად მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით. ჩვენი თამაში გავაანალიზეთ, მეტოქის თამაშიც და ვეცდებით, განმეორებით მატჩში უკეთესად ვითამაშოთ.
ის შეცდომები, რაც დავუშვით, უნდა გამოვასწოროთ. მეტოქეს ინდივიდუალურად კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომ ჩვენი მიზანია ბურთი მეტხანს გვქონდეს.
მჯერა გუნდის და დარწმუნებული ვარ, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება. გვაქვს სავსე ტრიბუნების და შესანიშნავი ატმოსფეროს იმედიც."
ოთო გოშაძე: “გუნდში საკმაოდ კარგი განწყობაა. იმედი მაქვს, ხვალ სტადიონი სავსე იქნება, რადგან გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს და ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ვეცდებით, ჩვენი თამაშით გულშემატკივარი გავახაროთ. შინ ვთამაშობთ ასეთი მნიშვნელობის მატჩს და მოტივაციაც გაორმაგებულია.”









