წლევანდელი წელი დიდი RPG-თამაშების, რიმეიქების, შუთერებისა და ბლოკბასტერების წელი უნდა ყოფილიყო, და ყველა მზად იყო იმისთვის, რომ “წლის თამაშის” ჯილდო Kingdom Come Deliverance 2-ს, Death Stranding 2-სა და ახალ Doom-ს შორის გათამაშდებოდა.
მაგრამ პატარა ფრანგულმა სტუდია Sandfall Interactive-მა ყველა ეს თეორია ჩამოშალა – ყველასთვის მოულოდნელად, მათი ახალი JRPG სტილის პროექტი, Clair Obscur: Expedition 33, ნამდვილი შედევრი და “წლის თამაშის” წოდების ფავორიტია.
მაგრამ როგორ მოახერხეს მათ ეს და რით გამოირჩევა მათი თამაში?
თამაშის გამოსვლიდან ორი კვირაა გასული და პირველადი ემოციების შემდეგ ჩვენ რაციონალურად შეგვიძლია განვიხილოთ “ექსპედიცია 33”. ამ თამაშმა JRPG ჟანრი თავიდან გამოიგონა, მაგრამ ამავდროულად, საკუთარი ხედვა თავდაჯერებულად აქცია რეალობად.
რა არის ამ თამაშის საძირკველი, ბირთვი, მფეთქავი გული? მისი მაცდურად მარტივი სიუჟეტი: ყოველ წელს, ენიგმატური არსება, რომელსაც ყველა “მხატვარს” ეძახის, იღვიძებს, და ვებერთელა მონოლითზე ციფრს წერს, რის შემდეგაც ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ ასაკს მიაღწია, უბრალოდ ქრება. თამაშის მთავარი გმირები წარმოადგენენ ექსპედიციას, რომელიც “მხატვრის” შეჩერებას ეცდება – მათი უმრავლესობა 32 წლისაა, და მათ მხოლოდ ერთი წელი დარჩათ საცხოვრებლად.
ამ აღწერიდან გამომდინარე, შეიძლება იფიქრო, რომ ჩვენ წინ გრანდიოზული, კონტინენტების მომცველი სიუჟეტი გველოდება. მაგრამ სინამდვილეში ეს ძალიან ლაკონიური, პერსონალური ტრაგედიით აღსავსე ისტორიაა, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებს – რა არის ჩვენი არსებობა, როგორ ვეგუებით გლოვას, და როგორ მივიწევთ წინ ყველაფრის მიუხედავად.
*Sandfall Interactive
“ექსპედიციის” რეჟისორმა და სცენარისტებმა გადაწყვიტეს ენდონ მოთამაშეს და მის გონებრივ შესაძლებლობებს და არ შემოგვთავაზეს დღესდღეისობით პოპულარული ნარატიული ხრიკი, როდესაც ჩვენ ისტორიას გვიყვებიან და არა გვიჩვენებენ. ისინი გვენდნენ, რომ დეტალებს ჩვენით ჩავწვდებით, რომ ყველა ქვეტექსტი გასაგები იქნება, რომ დიალოგებში ირიბად ნათქვამს გავიგებთ. და, რაც მთავარია, რომ პერსონაჟების ემოციების გაზიარებას მოვახერხებთ.
ეს თავშეკავებული მიდგომა თამაშის სტრუქტურაშიც გამოიხატება: აქ არაა მინი-რუკა, რომელიც ყველა ნივთისა თუ საიდუმლოს ადგილმდებარეობას გვამცნობს. აქ არც უაზრო “წადი-მოკალი-მომიტანე” ქვესტებიც არაა, რომელიც მოთამაშის ინტელექტს შეურაცხყოფს.
მაგრამ რაც თამაშს შედევრად ხდის მისი გეიმფლეია. Expeditions 33-ში ბრძოლა დაფუძნებულია turn-based სისტემაზე, სადაც მნიშვნელოვანია დგომების შეცვლა, გადადებული მოქმედებები და კომბო მექანიკა. ეს ყველაფერი აჯილდოებს მოთამაშის მიერ ფრთხილ დაგეგმვას და ექსპერიმენტებს. ზედაპირზე მან შეიძლება Persona 5 ან Final Fantasy X მოგაგონოს, მაგრამ ამ ნაცნობი ფორმის მიღმა იმალება საბრძოლო სისტემა, რომელსაც საკუთარი რიტმი და ტემპი გააჩნია. განსაკუთრებით გამოირჩევიან ბოსები – მრავალფაზიანი, სირთულეებით სავსე ბრძოლები, რომლებიც მხოლოდ ციფრებზე არაა დამოკიდებული. საჭიროა საკუთარი პერსონაჟების ცოდნა, მტრის ქცევის წაკითხვა და მათი მომდევნო სვლების წინასწარ განჭვრეტა. თუმცა, ზოგიერთი გადაჭარბებული სირთულის ტაქტიკური თამაშისგან განსხვავებით, “ექსპედიცია” არასდროს გტოვებს უსამართლობის განცდით. მისი სისტემები გამჭვირვალეა და თამაში გაძლევს ყველა საჭირო ინსტრუმენტს წარმატების მისაღწევად ზედმეტი “გრაინდის“ გარეშე.
*Sandfall Interactive
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის, თუ როგორაა საბრძოლო სისტემა ინტეგრირებული სიუჟეტში. პერსონაჟების მექანიკურად ზრდა ასახავს მათ განვითარებას ისტორიაშიც. ახალი უნარების მიღება არა მხოლოდ საბრძოლო პროგრესია, არამედ ემოციურიც. გმირი, რომელმაც თავისი წარსული მიიღო, შეიძლება აღმოაჩინოს ახალი ილეთი, რომელიც ამ ამბავს ასახავს. ეს ცვლილებები მხოლოდ ძალის მატება არაა – ეს ნარატიული პროგრესიცაა.
ორიოდე სიტყვა მუსიკასა და ვიზუალზეც უნდა ითქვას. საუნდტრეკში დომინირებს სევდიანი პიანინო და სიმებიანი ინსტრუმენტები, რომლებიც ამძაფრებენ ემოციურ ტონს ისე, რომ სცენებზე არ დომინირებენ. პომპეზურობის ნაცვლად ჩვენ ვრცელი ემოციური ტონალობა გვაქვს – აქ არის როგორც მხიარული მელოდიები, ასევე სევდიანი სიმღერები შესანიშნავი ფრანგი მომღერლების შესრულებით. მთავარი კომპოზიტორი კი კომპანიამ Soundcloud-ზე იპოვა!
ვიზუალის ტექნიკურ მხარეს რამდენიმე ტექნიკური პრობლემა გააჩნია, მაგრამ ეს გასაგებიცაა – “ექსპედიციაზე” სულ 30 ადამიანი მუშაობდა. არამკვეთრი პოლიგონები, ერთმანეთში გარდამავალი ტექსტურები, Unreal Engine-ის მაღაზიაში ნაყიდი ანიმაციები – ეს ყველაფერი არაა იდეალური. მაგრამ თამაშის აღმაფრთოვანებელი ვიზუალური სტილი ყველა ამ პრობლემას გვავიწყებს. აბსოლუტურად ყველა ლოკაცია არასტანდარტული და ორიგინალურია, ყველა მონსტრი გამოირჩევა, ყველა დიზაინის გადაწყვეტილება გვახვედრებს თუ რა ძალისხმევაა ჩადებული ამ პროექტში.
ჯამში, რაც “ექსპედიციას” უნიკალურად აქცევს, არის მისი მთლიანობა. ეს არ არის თამაში, რომელიც მხოლოდ ერთ ასპექტში ბრწყინავს – აქ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. სიუჟეტი, გეიმფლეი, ვიზუალი, მუსიკა, სტრუქტურა – ყველა ეს კომპონენტი ჰარმონიაშია. მაგრამ ალბათ ყველაზე მოულოდნელი თვისება არის მისი თავდაჯერებულობა. ის არ ცდილობს ყველას მოეწონოს. არ მისდევს ტრენდებს. მან ზუსტად იცის, თუ რას წარმოადგენს – ლაკონიურ, ემოციურ ისტორიას ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ გარდაუვალს შეეწინააღმდეგონ.















