ადემოლა ლუკმენის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. ბერგამოს ატალანტამ გაისტუმრა მილანის ინტერის 42+3 მილიონიანი წინადადება - აუცილებელი პირობა 50 მილიონის მიღება არის. "ნერაძური" არ ჩქარობს "ლა დეას" ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მაგრამ მოლაპარაკებები დასრულებული ჯერ არ არის.
ნიგერიელ თავდამსხმელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ჯუზეპე მეაცაზე გადასვლა და პროტესტის ნიშნად სოციალურ ქსელში მან წაშალა ყველა ფოტო გევის სთეიდიუმის ბინადრების ფორმაში. ამის გარდა, იტალიური კლუბის ფორვარდმა ბიოგრაფიიდან ამოიღო ნაწილი, სადაც ეწერა, რომ ის ატალანტას მოთამაშეა.
ბერგამოელთა თავდამსხმელმა კლუბის ოფიციალურ აქაუნთზე გამოწერაც კი გააუქმა. მის უკმაყოფილებას აქვს ორი მიზეზი, პირველი - დიახ, "ლა დეას" მე-11 ნომერს სურს კრისტიან კივუს გუნდში გადასვლა და ამის გარდა, მეორე მიზეზი - ის გამოხატავს პროტესტს იმის გამო, რომ გევისის ბინადრები ერთი წლის წინ დადებულ პირობას არ ასრულებენ.
27 წლის თავდამსხმელი ატალანტას დატოვებასთან ახლოს იყო გასულ ზაფხულსაც, თუმცა ის დარჩა მხოლოდ ერთი პირობით - ოპტიმალური წინადადების არსებობის შემთხვევაში, ბერგამოელები ლუკმენს არ შეაკავებდნენ. ასეთი შემოთავაზება ინტერნაციონალესგან მას რეალურად აქვს, მაგრამ "ლა დეა" პირობას მაინც არ ასრულებს.









