ხვალ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრას გამართავს. ჩვენმა გუნდმა სასტარტო მატჩში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი სენსაციურად83:69დაამარცა. 30 აგვისტოს კი იტალიას შეხვდება.
მომავალი მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგა ბითაძემ ისაუბრა:
"მთელი ზაფხული ევრობასკეტისთვის ვემზადები, არ ვაპირებ რომელიმე გუნდთან მატჩისას დავისვენო, ან 90%-ით ვითამაშო, გავალ მოედანზე და იგივე გოგა ვიქნები ყველა გუნდთან.იტალიასთან რთული მატჩი გველის,მჯერა ჩვენი გუნდის,ბოლომდე ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგისთვის.
რაც შეეხება იტალიას, ვფიქრობ პირველ თამაშში საბერძნეთთან ყველაფერი ბერძნების გაქცევამ განაპირობა და იტალია ვეღარ დაეწია. ჩემი აზრით, ეს ორი თანაბარი სიძლიერის გუნდია, იტალია უფრო სწრაფად და პერიმეტრიდან თამაშობს, საბერძნეთთან სამწამიანის გადაკეტვა მოგვიწევს. მჯერა ამ მატჩებს მზად შევხვდებით."
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:
რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი, თბილისის დროით:
საქართველო – იტალია - 30 აგვისტო, 16:00 საათი
საქართველო – საბერძნეთი - 31 აგვისტო, 16:00 საათი
საქართველო – კვიპროსი - 2 სექტემბერი, 19:15 საათი
საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა - 4 სექტემბერი, 16:00 საათი









