ლუქსემბურგი-საქართველო 0:3, ამხანაგური მატჩი (15.08.2001)
პირველი შეხვედრა, რომელიც საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. გოლები გაიტანეს გიორგი დემეტრაძემ (დუბლი) და რატი ალექსიძემ. ჩვენს ნაკრებს იმ დროს ალექსანდრე ჩივაძე მეთაურობდა, რომლისთვისაც ეს პირველი მატჩი იყო დაბრუნების შემდეგ. შეგახსენებთ, თავიდან ის "ჯვაროსნებში" მუშაობდა 1993-1997 წლებში, 2001-ში კი სწორედ "ლომებთან" შეხვედრის დროს დაბრუნდა.
ლუქსემბურგი-საქართველო 0:0, ამხანაგური მატჩი (22.08.2007)
შეხვედრა, რომელშიც საინტერესო არაფერი მომხდარა. საქართველოს ნაკრებში იმ პერიოდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობდა, გუნდის მთავარი მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერი იყო. 2006 წლის მუნდიალზე ვერ მოხვედრის შემდეგ, ჩვენი ნაკრები გადართული იყო ევრო 2008-ის შესარჩევზე, მაგრამ დიდ ტურნირზე გასვლა, სამწუხაროდ, ვერც ამჯერად მოხერხდა.

ლუქსემბურგი-საქართველო 1:2, ამხანაგური მატჩი (15.08.2012)
მორიგი ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც საქართველომ ლევან მჭედლიძისა და ალექსანდრე ამისულაშვილის გოლებით იმარჯვა. ლუქსემბურგის მხრიდან გამოირჩა ორელიენ ხოაკიმი, რომელიც იმავეს შემდეგ მატჩშიც გააკეთებს. იმ დროს მიმდინარეობდა 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპი, ჩვენი ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო.
ლუქსემბურგი-საქართველო 1:0, ამხანაგური მატჩი (05.06.2018)
ეს შეხვედრა გამორჩეულია იმით, რომ ეს იყო საქართველოს ნაკრების ერთადერთი მარცხი 2018 წელს. იმ წელს ჩავატარეთ 10 თამაში, რვა მოვიგეთ, ერთი ვითამაშეთ ფრედ და ერთიც წავაგეთ, სწორედ ლუქსემბურგთან. ცნობისთვის, ეს იყო ჩვენი ნაკრების ბოლო მატჩი ერთა ლიგის პირველი გათამაშების დაწყებამდე.












