დღეს, 23 მაისს, ჩვენი დროით 22:45 საათზე სკუდეტოს მთავარი მაძიებლები ჩაატარებენ თავიანთ უკანასკნელ მატჩს სერია ა-ს მიმდინარე სეზონში. მილანის ინტერი სტუმრად შეხვდება კომოს, ნაპოლი კი საკუთარ კედლებში კალიარის. შეგახსენებთ, რომ მათ შორის სხვაობა 1 ქულა არის.
კომო VS ინტერი | 22:45
ინტერს გასულ ტურში ჰქონდა ნაპოლის გადასწრების კარგი შანსი, რადგან სერია ა-ს ლიდერმა ითამაშა მორიგი ფრე, ამჯერად პარმასთან. მილანელთა მეტოქე იყო რომის ლაციო, რომელსაც მოქმედი ჩემპიონი უგებდა 2-ჯერ და შესაბამისად, პირველ პოზიციაზეც 2-ჯერ აღზევდა, მაგრამ ის შეხვედრაც ფრედ დასრულდა.
"ნერაძური" არ არის დამოკიდებული საკუთარ თავზე და კომოსთან გამარჯვება შესაძლოა საკმარისი არც იყოს. ამის მიუხედავად, ცხადია, მეაცას ბინადრები სეზონში ბოლო 3 ქულის აღებას ეცდებიან. იტალიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მოქმედი ჩემპიონი სრული სვლით პარის სენ-ჟერმენთან შეხვედრაზე გადაერთვება.
ნაპოლი VS კალიარი | 22:45
ნაპოლი სერია ა-ს ჩემპიონობასთან არის ერთ ნაბიჯში და ამისთვის კალიარის დამარცხება არის საჭირო. გამარჯვების შემთხვევაში, ეს იქნება რიგით მე-4 მოგებული სკუდეტო "პარტენოპეის" ისტორიაში. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ თავის მედალს მიიღებს ხვიჩა კვარაცხელიაც, იმის მიუხედავად, რომ მან "აძური" იანვარში დატოვა.
ბოლოს კი საინტერესო ფაქტი - სარდიენელების შემადგენლობაში განათხოვრების წესით თამაშობს მეკარე, ელია კაპრილე, რომელიც სწორედ მარადონას ბინადრების საკუთრებაში იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ იტალიელი გოლკიპერის ამჟამინდელი კლუბი, "როსობლუ" წააგებს, ანტონიო კონტეს შეგირდებთან ერთად, სკუდეტო მასაც ჩაეწერება.
ნაპოლის საკუთრებაში მყოფი მეკარე უნიპოლ დომუსზე გადავიდა გასულ ზამთარს, იქამდე კი მან თავის გუნდში ოთხი მატჩის ჩატარება მოასწრო. დავიდე ნიკოლას გუნდში ფიქრობენ სრული სერიოზულობით იმაზე, რომ 25 წლის გოლკიპერმა "პარტენოპეისთან" შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს.









