სენსაციური სტარტი, დამსახურებული გამარჯვება ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან და გაოცებული მსოფლიო, - ასე დაიწყო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2025 წლის ევრობასკეტზე ასპარეზობა. ჩვენმა გუნდმა ევრობასკეტის C ჯგუფის პირველ შეხვედრაში ესპანეთს 83:69 მოუგო.
საქართველოს ნაკრებმა მიზნისკენ სვლა დამაჯერებლად დაიწყო. მეორე გამოწვევა ისევ ძლიერი გუნდია, იტალიის ნაკრები, დღეს თბილისის დროით, 16:00 საათზე საქართველო იტალიას ეთამაშება.
ევრობასკეტამდე სპარინგ მატჩებში დაფიქსირებული სატისტიკის (ექვსიდან ექვსი წაგება) და საწყის შეხვედრაში ხმაურიანი გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა ქართველი გულშემატკივარი ბრძოლის, შრომისა და გამარჯვების კანონზომიერებაში დაარწმუნა, გამოაფხიზლა და დღეს უკვე სხვა მოლოდინი, სხვა შემართება და სხვა იმედი აქვს ქომაგს, იმედი სასურველ შედეგამდე მისვლისა, რაც ჯგუფიდან გასვლას გულისხმობს, თუმცა გუნდი რომელიც, მოქმედ ჩემპიონს, (სადაც 6 სწორედ ჩემპიონი კალათბურთელი თამაშობს) უგებს თან მთელი მატჩის განმავლობაში და საბოლოოდ 14-ქულაინი სხვაობით, ახალი გამარჯვებების მოლოდინი ლოგიკურია.
ესპანეთთან მატჩის სასტარტო ხუთეული ასეთი იყო:
თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, სანდრო მამუკელაშვილი, კამარ ბოლდუინი.
საქართველოს ნაკრების ოფიციალური შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:
რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი.
მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელიამ შეკრების უდიდესი ნაწილი გამოტოვა, არითმიის გამო ესპანეთში გამოკვლევებზე გაემგზავრა, გუნდს ლიმასოლში 25 აგვისტოს შეუერთა, თამაში მაინც მოახერხა და ნაკრების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ესპანეთთან მატჩში MVP სანდრო მამუკელაშვილი გახდა,( 9 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა). გოგა ბითაძემ საქართველოს 15 ქულა მოუტანა და როგორც გუშინ განაცხადა თავის დაზოგვა ან დასვენება გამორიცხულია:
"მთელი ზაფხული ევრობასკეტისთვის ვემზადები, არ ვაპირებ რომელიმე გუნდთან მატჩისას დავისვენო, ან 90%-ით ვითამაშო, გავალ მოედანზე და იგივე გოგა ვიქნები ყველა გუნდთან.იტალიასთან რთული მატჩი გველის,მჯერა ჩვენი გუნდის,ბოლომდე ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგისთვის.”
საქართველოს ნაკრებს სპარინგ მატჩებში შესაძლებლობა არ მიეცა ოპტიმალური შემადგენლობით ეთამაშა. ესპანეთთან გამარჯვებამ კი გუნდს არამხოლოდ ჯგუფიდან გასვლის, არამედ რაც შეიძლება მოწინავე ადგილით გასვლის იმედი მისცა. შემდეგ ეტაპზე 4 საუკეთესო გავა.
საქართველოს ნაკრებს დღეს იტალიასთან, ხვალ კი საბერძნეთთან ელის მატჩი. შესაბამისად, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის დამატებითი საზრუნავი ძალების პროპორციული გადანაწილება იქნება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ზედიზედ, მეექვსე ევრობასკეტზე ასპარეზობს. 2022 წელს აღნიშნულ ტურნირზე ჩვენმა გუნდმა ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო და 21-ე ადგილი დაიკავა, იტალიელებს კი მე-8 პოზიცია ერგოთ.
იტალიის ნაკრები
საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, ევრობასკეტზე წარმატებული სტარტი არ ქონია იტალიას. იტალიელებს საბერძნეთმა 75:66 მოუგო.
ვის უნდა მივაქციოთ ყურადღება ევრობასკეტზე? რომელი ნაკრები შემოგვთავაზებს სიურპრიზს? - ამ კითხვების საპასუხოდ FIBA-მ 14 ნაკრები შეარჩია, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებიც მოხვდა, პირველი მატჩის შემდეგ კი საქართველოს უფრო მეტი ყურადღებით აკვირდებიან.
მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან გამარჯვებულ ნაკრებს მარტივად ვერავინ შეხედავს და ეს ჩვენ დღევანდელ მეტოქეს კარგად აქვს გააზრებული:
“ახლა ყველა საქართველოს გამარჯვებაზე საუბრობს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ეს არ გამკვირვებია, ძლიერი გუნდია. ესპანეთს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი და ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ საქართველომ მოუგო, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რთულ ჯგუფში ვართ, “ - განაცხადა “სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯანმარკო პოცეკომ.
ევრობასკეტის მზადების პროცესში იტალიელებმა 6 მატჩი გამართეს, მათ შორის საბერძნეთთანაც და ბერძნებმა გაიმარჯვეს - 76-74. ჩატარებული 6 მატჩიდან იტალიელებმა 4 მოიგეს, სენეგალთან, ისლანდიასთან და არგენტინასთან, ლატვიასთან 2 მატჩი ჩაატარეს ერთში გამარჯვება მოიპოვეს ერთი კი წააგეს.
ევრობასკეტისთვის იტალიელებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სტეფანო ტონუტი კუნთის ტრავმის გამო გამოაკლდათ.
იტალიის ნაკრების შემადგენლობა:
ალესანდრო პაიოლა („ვირტუს ბოლონია”), ნიკოლო მელი („ფენერბახჩე“), მომო დიუფი („ვირტუს ბოლონია”), მარკო სპისუ (“სარაგოსა“), გაბრიელე პროჩიდა („რეალ მადრიდი“), ნიკოლა აკელე („ვირტუს ბოლონია”), ჯამპაოლო რიჩი („მილანო“), მატეო სპანიოლო („ბასკონია“), სალიუ ნიანი („ვირტუს ბოლონია”), სიმონე ფონტეკიო („მაიამი ჰიტი“), დარიუს ტომპსონი („ვალენსია“), დანილო გალინარი („ბაიამონი“).
რაც შეეხება FIBA-ს მსოფლიო რეიტინგს, ამ დროისთვის, იტალიამე-14 ადგილზეა, საქართველო 24-ე პოზიციას იკავებს, ევროპაში კი იტალია მეცხრეა, საქართველო მე-14.
ევრობასკეტი 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში ტარდება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით ასპარეზობს და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრები კვიპროსში, მასპინძელ ნაკრებთან, იტალიასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ერთად ასპარეზობს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი, თბილისის დროით:
საქართველო – იტალია - 30 აგვისტო, 16:00 საათი
საქართველო – საბერძნეთი - 31 აგვისტო, 16:00 საათი
საქართველო – კვიპროსი - 2 სექტემბერი, 19:15 საათი
საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა - 4 სექტემბერი, 16:00 საათი









