საბა გოგლიჩიძე კარიერას უდინეზეში გააგრძელებს. ახალგაზრდა ცენტრალური მცველის სახით, ემპოლიმ სერია ა-ს აჩუქა კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც კარიერის საწყისი ეტაპი სწორედ ამ კლუბში გამოიარა. ტოსკანაში უთამაშია არაერთ ფეხბურთელს, რომელიც მომავალში მსოფლიო ვარსკვლავი გახდა.
მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ლეგენდარული იტალიელი თავდამსხმელები, ლუკა ტონი და ანტონიო დი ნატალე, რომლებიც კარიერის სტარტზე სწორედ "აძურიში" ირიცხებოდნენ. მათ გარდა, გამოსარჩევია "სკუადრა აძურას" ამჟამინდელი წამყვანი მოთამაშეები: ფედერიკო დიმარკო, ჯოვანი დი ლორენცო და დავიდე ფრატეზი.
ახალგაზრდა ფეხბურთელებს კარლო კასტელანიზე პრაქტიკის მისაღებად უშვებდა ტურინის იუვენტუსიც, მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ კლაუდიო მარკიზიო და სებასტიან ჯოვინკო. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ემპოლი კალჩოს კლუბებს შორის ყველაზე "ქართულია".
ქუთაისის ტორპედოს აღზრდილი ცენტრალური მცველის გარდა, ტოსკანაში უთამაშიათ და დამკვიდრების მცდელობა ჰქონდათ ლევან მჭედლიძეს, ირაკლი შეყილაძეს, რომან ჭანტურიასა და საბა საზონოვს. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ "აძურის" მოთამაშეები, რომლებიც მომავალში ვარსკვლავები გახდნენ.
ფეხბურთის ვარსკვლავები, რომლების კარიერის სტარტზე ემპოლიში თამაშობდნენ
| ფეხბურთელი | შედეგი | პერიოდი | შემდეგი კლუბი |
| ჯოვანი დი ლორენცო | 74 მატჩი, 6 გოლი | 2017-2019 | ნაპოლი |
| ანტონიო დი ნატალე | 177 მატჩი, 55 გოლი | 1996-1997, 1999-2004 | უდინეზე |
| ფედერიკო დიმარკო | 16 მატჩი, 0 გოლი | 2016-2017 | სიონი |
| დავიდე ფრატეზი | 41 მატჩი, 5 გოლი | 2019-2020 | მონცა |
| სებასტიან ჯოვინკო | 37 მატჩი, 6 გოლი | 2007-2008 | იუვენტუსი |
| მასიმო მაკარონე | 75 მატჩი, 30 გოლი | 2000-2002 | მიდლსბრო |
| კლაუდიო მარკიზიო | 29 მატჩი, 0 გოლი | 2007-2008 | იუვენტუსი |
| ლეანდრო პარედესი | 33 მატჩი, 2 გოლი | 2015-2016 | რომა |
| ლუკა ტონი | 3 მატჩი, 1 გოლი | 1996-1997 | ფიორენცულა |
| პიოტრ ჟიელინსკი | 66 მატჩი, 5 გოლი | 2014-2016 | ნაპოლი |









