იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ზე ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა... მეტიც, "სკუადრა აძურამ" ჯგუფური ეტაპი ძლივს გადალახა და შემდეგ, 1/8 ფინალში ტურნირზე ასპარეზობაც შეწყვიტა. ლუჩანო სპალეტიმ ევროპის ჩემპიონატისთვის ეროვნული ნაკრები ძალიან ცუდად მოამზადა. ამას ისიც ემატება, რომ მის მიერ შერჩეულ 26 ფეხბურთელზე, უამრავი კითხვა გაჩნდა იტალიურ პრესაში. საბოლოოდ, იმის თქმა შეგვიძლია, რომ იტალიის ასეთი უსახური პერფორმანსი ევრო 2024-ზე მოსალოდნელი იყო.
ამხელა იმედგაცრუების შემდეგ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სპალეტის შენარჩუნება მაინც გადაწყვიტა. იყო ვარაუდი, რომ გაბრიელე გრავინა სპალეტის გუნდიდან გაუშვებდა, თუმცა დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყვიტეს.
მომდევნო დიდი ფორუმი, რომელზეც იტალია შეიძლება წარმოდგენილი იყოს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატია - სპალეტის კი ნაკრებში სიტუაციის გამოსასწორებლად, ზუსტად ორი წელი აქვს.