ოფიციალურად—სან ანტონიო სპურსმა დაადასტურა, რომ ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს და ამიერიდან 76 წლის ამერიკელი ორგანიზაციის პრეზიდენტი იქნება.
"კალათბურთისადმი ჩემი ვნება და სიყვარული უცვლელია, თუმცა, მოვიდა დრო მწვრთნელის პოსტი დავტოვო. ყოველთვის მადლიერი ვიქნები მოთამაშეების, მწვრთნელების, პერსონალისა და ქომაგების, რომლებიც მწვრთნელობის პერიოდში გვერდში მედგნენ.
მიხარია, რომ ისევ იმ ორგანიზაციასა და ქალაქში ვრჩები, რომლებიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს."
შეგახსენებთ, გრეგ პოპოვიჩმა გასული წლის ნოემბერში ინსულტი გადაიტანა, რა დროსაც მწვრთნელობას ჩამოშორდა. ამ პერიოდიდან დღემდე სან ანტონიო სპურსის დროებითი მწვრთნელი მიტჩ ჯონსონი იყო და კლუბის გადაწყვეტილებით, ამიერიდან მთავარი მწვრთნელი სწორედ ის გახდება.
პოპოვიჩი სპურსში 1996 წლიდან მოყოლებული მუშაობდა, რა დროშიც გუნდს NBA-ს ჩემპიონობა 5-ჯერ მოაგებინა, თავად კი წლის საუკეთესო მწვრთნელად 3-ჯერ დაასახელეს.









