ბრაზილია არგენტინას უკვე 5 მატჩია ვერ უგებს, რაც ფანების აგრესიის მიზეზად კიდევ ერთხელ იქცა. ამ ყველაფერს ემატება ნაკრების არასტაბილური თამაშიც, რის ფონზეც, ფედერაციაში დორივალ ჟუნიორის პოტენციურ გაშვებაზე უკვე ალაპარაკდნენ.
გავლენიანი ბრაზილიური გამოცემების ინფორმაციით, დორივალის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა და საკმაოდ დიდი შანსია, მომდევნო სანაკრებო პაუზის დროს, "სელესაოს" უკვე ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავდეს.

ბრაზილიური GeGlobo-ს ინფორმაციით, თუ დორივალი ეროვნულ ნაკრებს დატოვებს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კვლავ კარლო ანჩელოტი იქნება, რომელთანაც მოლაპარაკებები გასულ წელსაც მიმდინარეობდა. 2024 წელს იტალიელმა სპეციალისტმა "სელესაოს" შემოთავაზებაზე უარი განაცხადა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, ბრაზილიური მედია პაპა კარლოზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა.
თუ რეალ მადრიდი სეზონის ბოლოს იტალიელს გუნდიდან გაუშვებს, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ გააქტიურდება.
თუ რეალ მადრიდი სეზონის ბოლოს იტალიელს გუნდიდან გაუშვებს, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ გააქტიურდება.

ადგილობრივი მედია კიდევ ერთ საინტერესო კანდიდატურაზე წერს — ფილიპე ლუისი, ატლეტიკო მადრიდის ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად ფლამენგოს მთავარი მწვრთნელი, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციისთვის საკმაოდ საინტერესო ვარიანტად მოჩანს. ფედერაციაში სჯერათ, რომ ახალგაზრდა მწვრთნელს ეროვნულ ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევა შეუძლია. თუმცა, ამის მიუხედავად, მხარეებს შორის კონტაქტი ჯერ არ შემდგარა.
დორივალ ჟუნიორი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2024 წლის 8 იანვარს გახდა. ამ დროში "სელესაომ" 16 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 7 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 3-ჯერ დამარცხა.
62 წლის სპეციალისტის მომავალთან დაკავშირებით უახლოეს კვირებში სიახლეებს ველოდებით.









