პარიზელთა შემადგენლობაში თამაშობს ორი ფეხბურთელი, რომელთა კარიერის გარდამტეხი ეტაპი სწორედ ვესტფალიაში იყო. საუბარია ოსმან დემბელესა და აშრაფ ჰაკიმის შესახებ, რომლებიც დღეს ყოფილ კლუბთან მოგებას ეცდებიან. გავიხსენოთ, თუ რა როლი ითამაშეს "შავ-ყვითლებმა" მათ ფორმირებასა და განვითარებაში.
დავიწყოთ ფრანგი გარემარბით, რომელიც სიგნულ იდუნა პარკზე უფრო ადრე მივიდა. ის თავიდან ბოლომდე ტომას ტუხელის სამწვრთნელო პროდუქტი იყო და მაქსიმალურ შედეგს სწორედ მის გვერდით დებდა. გერმანელი სპეციალისტის ხელში საფრანგეთის ეროვნული გუნდის ვინგერმა ადაპტაციაც უმოკლეს დროში გაიარა.

26 წლის გარემარბის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა ტუხელის ხელმძღვანელობით იყო ლეგიასთან, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც მოწინააღმდეგე ანგარიშით 8:4 დაამარცხეს. დორტმუნდის მე-7 ნომერმა იმ მატჩში გაიტანა გოლი და გააკეთა 3 ასისტი. მისი ერთადერთი გერმანული სეზონის სხვა გამორჩეული მომენტები: ქვეყნის თასის მოგება, გზად კი მიუნხენის ბაიერნის დამარცხება.
დემბელემ ბორუსიას შემადგენლობაში ჩაატარა 50 შეხვედრა, გაიტანა 10 გოლი და განახორციელა 21 საგოლე გადაცემა. მოგვიანებით, კითხვაზე, თუ ვინ არის ფრანგი ვინგერის საყვარელი დამრიგებელი, ის ტუხელს დაასახელებს. თავად სპეციალისტი კი თავის შეგირდს ოქროს ბურთის მომავალ მფლობელს უწოდებს.
გერმანელი მწვრთნელის წასვლით, ოსმანმა გული აიცრუა ვესტფალიაზე და რამდენიმე ჭირვეული გამოხტომის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ ის ამ გუნდში გამჩერებელი აღარ იყო. საფრანგეთის ნაკრების ვინგერი "შავ-ყვითლებიდან" ძალიან უსიამოვნოდ წავიდა, მაგრამ სარფიანად. როგორც გვახსოვს, ბარსელონამ დორტმუნდის მე-7 ნომრის სანაცვლოდ 105 მილიონი გადაიხადა.

26 წლის გარემარბისგან განსხვავებით, მაროკოელი მარჯვენა მცველი ბორუსიადან ხმაურიანად არ წასულა. მას ჰქონდა ერთადერთი ოცნება - მადრიდის რეალში დაბრუნება: მშობლიურ კლუბში, საიდანაც ის ვესტფალიაში იჯარით გადმოვიდა. ესპანური გრანდის შემადგენლობა იმ დროს გადატვირთული იყო, რის გამოც აშრაფი ტრანსფერზე დაყენებული მოთამაშეების რიგებში მოყვა.
"სამეფო კლუბმა" თავისი აღზრდილის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც "შავ-ყვითლებისთვის" პრობლემა აღმოჩნდა. ამის შედეგად, გერმანიაში 2-სეზონიანი იჯარა დასრულდა და ჰაკიმი გადავიდა გუნდში, რომელმაც დააკმაყოფილა "ბლანკოსის" ფინანსური მოთხოვნა, საუბარია მილანის ინტერის შესახებ.
რაც შეეხება უშუალოდ სიგნალ იდუნა პარკზე გატარებულ პერიოდს, სწორედ აქ ჩამოყალიბდა მაროკოელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ მარჯვენა მცველად. დემბელეს შემთხვევაში თუ მისი საუკეთესო თვისებები აღმოაჩინა ტუხელმა, აშრაფის კარიერულ ზრდაში უდიდესი როლი ლუსიენ ფავრმა შეასრულა.

შვეიცარელი იყო ერთ-ერთი პირველი მწვრთნელი ბუნდესლიგაში, რომელმაც დანერგა სამ ცენტრალურ მცველიანი ტაქტიკა ორი შემტევი განაპირა მცველით. ფავრის გუნდის მარჯვენა ფრთას სწორედ მაროკოს ეროვნული გუნდის ვინგბექი ამაგრებდა. ამის გარდა, მან სხვადასხვა დროს კიდევ 3 პოზიციაზე ითამაშა.
ევროპის ტოპ 5 ლიგაში დორტმუნდელთა მეორე ნომერი იყო საუკეთესო განაპირა მცველი მოწინააღმდეგის საჯარიმოში შესრულებული სასარგებლო ქმედებების მაჩვენებლით. მოგვიანებით, 25 წლის განაპირა მცველის ოსტატობას აბსოლუტურ ფაზაში აიყვანს ანტონიო კონტე. დღეს ის, ოსმანის მსგავსად, თამაშობს პარკ დე პრენსზე და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში სწორედ დორტმუნდს უპირისპირდება.












