2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ვარსკვლავური შემადგენლობით იასპარეზებს, პირველი ტატამიზე კი 60 კგ. წონის ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი გამოვა.
ქართველი ძიუდოისტი პარიზში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით ჩავიდა და წონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. განთესვის შედეგად, გიორგი სარდალაშვილი C ჯგუფში მოხვდა და მისი პირველი მეტოქე, დიდი ალბათობით, ისრაელის წარმომადგენელი ვოლჩაკი იქნება, რომელიც პირველ წრეში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძიუდოისტს ხვდება.
გიორგი სარდალაშვილს იამ ვოლჩაკთან ურთიერთშეხვედრებში დადებით ბალანსი აქვს — 2 მოგება და 1 წაგება. ძიუდოისტები ერთმანეთს პირველად 2021 წელს, მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატის 1/2 ფინალში შეხვდნენ, სადაც ქართველმა მეტოქე დამატებით დროში შიდოებით დაამარცხა, ფინალში გავიდა და ჩემპიონიც გახდა. 1 წლის შემდეგ, კვლავ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ, თუმცა ამჯერად, სარდალაშვილმა 1/4 ფინალში დაამარცხა მეტოქე ვაზარით. 2024 წლის თბილისის გრანდ სლემზე კი გამარჯვება ვოლჩაკს დარჩა და სხვაობა შეამცირა.
აღნიშნული ბარიერის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, 1/4 ფინალში, უდიდესი ალბათობით, 21 წლის ქართველი ძიუდოისტის მეტოქე თურქი სალიჰ ილდიზი იქნება, რომელსაც კარიერაში მხოლოდ ერთხელ შეხვდა, 2022 წლის აბუ დაბის გრანდ სლემზე და იპონით დაამარცხა. 1/2 ფინალში გასული ძიუდოისტი D ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება.
D ჯგუფის მთავარი ფავორიტები საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე და აზერბაიჯანელი ბალაბაი აგაიევი არიან. მათი გზები 1/4 ფინალში იკვეთება, თუმცა, მანამდე მხეიძემ ეგვიპტელ სამის და მონღოლ ენხტაივანს შორის გამარჯვებული, ხოლო აგაიევმა ზამბიელ ზულუსა და სამხრეთ კორეელ კიმს შორის უძლიერესი უნდა დაამარცხოს.
60 კგ. წონითი კატეგორიის ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ ტაიპეელი იუნგ ვეი იანგი და რიუჯუ ნაგაიამა. იანგი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია და შესაბამისად, A ჯგუფში არის განთესილი. მისი პირველი მეტოქის ვინაობას ავსტრალიელი კატზი და იტალიელი კარლინო გაარკვევენ. ამავე ჯგუფში მოხვდნენ უკრაინელი ხალმატოვი, უზბეკი რუზიევი, ყაზახი სმეტოვი და ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუა.
B ჯგუფში ორი მსოფლიოს ჩემპიონი იასპარეზებს — იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა და ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი. ისინი ერთმანეთს დიდი ალბათობით, 1/4 ფინალში შეხვდებიან და მათ შორის უძლიერესი A ჯგუფის გამარჯვებულს დაუპირისპირდება 1/2 ფინალში.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით დილის 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი სტარტს საღამოს 21:00 საათზე აიღებს.
ძიუდო, 60 კგ.: სარდალაშვილი ოლიმპიურ ოქროს მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით შეუტევს










