ძიუდოისტთა ნაკრებმა რეკორდული რაოდენობის, 11 ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა, - 10 ინდივიდუალური და ასევე შერეული გუნდური ასპარეზობის.
შეგახსენებთ, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს ძიუდოს ნაკრები შერეულ გუნდურ შეჯიბრში (ქალთა და ვაჟთა გაერთიანებული გუნდი) პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.
ასევე, პირველად ისტორიაში საქართველოს ძიუდოს ნაკრებში 3 ქალია.
საქართველო ოლიმპიადაზე ვარსკვლავური შემადგენლობით მიემგზავრება. ჩვენი ქვეყნის ოლიმპიურ გუნდში მყოფი 10 ძიუდოისტიდან ორს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული აქვს, ოთხს - მსოფლიოს ჩემპიონის, ხოლო ექვსს - ევროპის ჩემპიონის.
პარიზში საქართველოს ნაკრები ერთი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონით, ორი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონითა და ორი მოქმედი ევროპის ჩემპიონით იასპარეზებს.
საქართველოს ძიუდოისტთა ოლიმპიური გუნდი:
- 60 კგ. – გიორგი სარდალაშვილი
- 66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი
- 73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი
- 81 კგ. – ტატო გრიგალაშვილი
- 90 კგ. – ლაშა ბექაური
- 100 კგ. - ილია სულამანიძე
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი
-57კგ – ეთერ ლიპარტელიანი
-63კგ – ეთერ ასკილაშვილი
+78კგ – სოფიო სომხიშვილი
დღეს ძიუდოისტებმა La Gazzetta dello Sport Georgia-სთან ოლიმპიური მოლოდინის შესახებ ისაუბრეს:
ტატო გრიგალაშვილი: „მინდა წარმატება ვუსურვო გუნდს. რაც შეეხება ჩემს გამოსვლას, გპირდებით, ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიხარჯები, რათა შევძლო სასურველი შედეგის მიღწევა, გავიმარჯვო და საქართველო ღირსეულად წარვადგინო პარიზში, იმედი მაქვს, ოქროს ჩამოვუტან ჩვენს ქვეყანას.“
ლაშა ბექაური: "მთელი სულით და გულით მინდა ისევ განვიცადო ის შეგრძნება, რასაც ოლიმპიური ჩემპიონობა ჰქვია და მინდა გულშემატკივართან ერთად გავიზიარო ეს სიხარული.
რაც შეეხება გუნდურ ასპარეზობას, ძალიან დიდი ემოციაა, განსხვავებული შეგრძნებაა, როცა გუნდურ ასპარეზობაში ერთად ვიზიარებთ დიდ სიხარულს."
გიორგი სარდალაშვილი: „ოლიმპიურ თამაშებზე პირველად მივდივარ, 21 წლის ასაკში. ძალიან მიხარია. ამისთვის ბევრი ვიშრომე და მიხარია, რომ ეს დავიმსახურე. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახარო.“
ვაჟა მარგველაშვილი: „კარგად მომზადებული ვარ, სეზონი კარგად დავიწყე, ევროპის ჩემპიონობა ვიზეიმე, შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი გავხდი, ეს ყველაფერი ოლიმპიადის მოსამზადებელი ეტაპი იყო, ოლიმპიადამდე 2 თვეა და ყველაფერს გავაკეთებ, რათა საქართველოში გამარჯვებული დავბრუნდე."
ილია სულამანიძე: "ოლიმპიური მოლოდინი ოლიმპიურ ოქროს უკავშირდება, საბრძოლო განწყობა მაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის."
ლაშა გუჯეჯიანი (საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ჩვენს შემადგენლობას რომ გადახედოთ, ნახავთ რომ ყველა ტიტულოვანი სპორტსმენია და რა თქმა უნდა, ყველა იბრძოლებს გამარჯვებისთვის. საბრძოლო განწყობაა, შერეული გუნდით გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მედლებით უნდა გაგრძელდეს. საქმე, რომელსაც დიდი მონდომებით, სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ეპყრობი, აუცილებლად მოიტანს წარმატებას."
გია თენაძე (ქალ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი): „3 გოგოა საქართველოს ძიუდოს ნაკრებში, რაც ისტორიული მოვლენაა, ძალიან მიხარია, რომ შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მივიღებთ მონაწილეობას და პარიზში არამხოლოდ მონაწილეობისთვის ჩავალთ, მედლებისთვისაც ვიბრძოლებთ."
გიორგი ათაბეგაშვილი (საქართველოს ძიუდო ფედერაციის პრეზიდენტი): "ძიუდოს ფედერაციამ წარმატებით გაიარა პარიზის ოლიმპიადამდე პერიოდი, ისტორიულ შედეგებს მივაღწიეთ და რა თმა უნდა, ვეცდებით პარიზშიც ისტორიული შედეგი დავაფიქსიროთ."
შეგახსენებთ, XXXIII ოლიმპიური თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ძიუდოში ინდივიდუალური შეჯიბრებები 27 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გასტანს, ხოლო გუნდური შეჯიბრება 3 აგვისტოს გაიმართება.











