"გვქონდა უთანხმოებები ჩემი სამწვრთნელო მეთოდების გამო. მაქვს საკუთარი ფილოსოფია, რომელსაც წლების განმავლობაში ვიყენებ და ცვლილებებს არც ახლა ვაპირებ. ჩემთვის პრიორიტეტი არის ხარისხი და არა რაოდენობა. ვარჯიშებზე უპირატესობას ვანიჭებ ბურთთან მუშაობასა და სხვადასხვა სათამაშო სიტუაციის მოდელირებას.
არ ვაპირებ ფეხბურთელის განვითარებას მისი ათლეტურობისა და სისწრაფის ხარჯზე. გასაგებია, რომ სეზონში ვატარებთ 60 შეხვედრას, თუმცა ჩვენი მიზანი უნდა იყოს ყოველ სიტუაციასთან ადაპტირება და დროის განკარგვა. მირჩევნია, მოთამაშე იყოს კრეატიული და არა გამძლე", - კარლო ანჩელოტი, 2017 წლის დეკემბერი.
სწორედ ასეთი კომენტარი გააკეთა იტალიელმა მწვრთნელმა მას შემდეგ, რაც სამი თვით ადრე, ის მიუნხენის ბაიერნიდან გაუშვეს. გერმანულ გრანდში მის წინააღმდეგ პრაქტიკულად ყველა და ყველაფერი იყო. "რეკორდმაისტერის" ყოფილ დამრიგებელს აკრიტიკებდნენ კლუბის ხელმძღვანელები, მოთამაშეები და ჟურნალისტებიც კი.

ძირითადი პრეტენზიები 64 წლის მწვრთნელის მიმართ იყო ასეთი - ხოსეპ გვარდიოლას მსგავსად, ბავარიელებს იდენტობა თითქოს მანაც დააკარგვინა. სასწრაფო ტემპით იყო საჭირო რომელიმე გერმანელი თავკაცი, რომელიც ალიანც არენას ბინადრებს თავიანთ დნმ-ს დაუბრუნებდა. ამ საკითხს მოგვიანებით კიდევ ერთხელ შევეხებით.
სხვა პრეტენზიები - ანჩელოტი თითქოს ვერ ავითარებდა თავისი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს და მის ხელში გამოცდილმა შემსრულებლემაც მოუკლეს თამაშის ხარისხს. ბოლოს კი ყველაზე უსამართლო ბრალდება, რომელიც წამოვიდა ადგილობრივი პრესისგან: იტალიელი სპეციალისტი თითქოს ძველ დროში ჩარჩენილი თავკაცი იყო, რომელმაც არაფერი იცოდა თანამედროვე ფეხბურთის შესახებ.
განვიხილოთ სამივე მოსაზრება, რომელიც ბაიერნის იდენტობის დაბრუნებას შეეხება, ცხადია, რომელიმე გერმანელი მწვრთნელის დახმარებით. კარლოს გაშვების შემდეგ, მიუნხენელებმა გამოცვალეს 6 თავკაცი, მიმდინარე სეზონის ბოლოს, კლუბში მოვა რიგით მე-7 დამრიგებელიც. ამ 6-ეულიდან, გერმანელი იყო 4.

მადრიდის რეალის ამჟამინდელი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ, "რეკორდმაისტერს" ცხრა დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მისი თანაშემწე, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ვილი სანიოლი, რომელსაც არც კი მისცეს თავის გამოჩენის საშუალება, რადგან კლუბის უფროსობა ჯიუტად მხოლოდ გერმანელ თავკაცს ითხოვდა.
სიტუაციის გამოსასწორებლად ბავარიაში დააბრუნეს იუპ ჰაინკესი - ლეგენდარული მწვრთნელი, რომლის სახელთან წარსულში ამ გუნდის მთავარი წარმატებები ასოცირდება. გერმანელი სპეციალისტის ხელში გუნდი ისევ "მშობლიურად" ათამაშდა, მაგრამ დაბრუნებულმა დნმ-მა ვერაფერი მოუხერხა "სამეფო კლუბს", ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/2 ფინალში.
ალიანც არენას ბინადრები დაემშვიდობნენ თავიანთ ეპოქალურ მწვრთნელს, რის შემდეგაც ფსონი გაკეთდა პრინციპზე - "იდენტობას პლუს თანამედროვე ხედვა". ბაიერნმა ამ მისიისთვის შეარჩია ნიკო კოვაჩი, რომელიც მართალია არ იყო გერმანელი, მაგრამ სამაგიეროდ ის კარგად იცნობდა როგორც კლუბს, ისე ზოგადად, ადგილობრივ ფეხბურთსაც.

ხორვატმა მწვრთნელმა ვერ მოახერხა ბაიერნში ინოვაციების დანერგვა - წელიწადნახევარში ის უკვე გათავისუფლებული იყო. კლუბის ხელმძღვანელობის გონებაში ისევ გაიჟღერა ფიქრმა გერმანელი თავკაცის შესახებ, რის შედეგადაც მიუნხენში დანიშნეს ჰანსი ფლიკი, ერთი შეხედვით უბრალოდ იდეალური კანდიდატი.
"რეკორდმაისტერის" უკანასკნელი წლების მთავარი წარმატებები უკავშირდება სწორედ გერმანელ მწვრთნელს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე იმარჯვა. "ბუნდესნაკრების" ყოფილი დამრიგებლის ხელში ბავარიული გუნდი ჰგავდა დაახლოებით იმას, რაც ის ჰაინკესის დროს იყო. ამის მიუხედავად, დიდი დრო ალიანც არენაზე ვერც 59 წლის სპეციალისტმა გაატარა.
ფლიკი გაათავისუფლეს ორ წელიწადში და მის ნაცვლად დანიშნეს კიდევ უფრო ულტრა თანამედროვე და გერმანული ფეხბურთის იდენტობის მატარებელი, იულიან ნაგელსმანი. საინტერესო ფაქტი: როდესაც ადგილობრივი პრესა ანჩელოტის ადანაშაულებდა ძველმოდურობაში, საპირისპირო მაგალითად მათ მოჰყავდათ სწორედ გერმანელი თავკაცი, რომელიც სავარჯიშო პროცესს iPad-ის საშულებით აკონტროლებდა.

ლაიფციგის ყოფილ მწვრთნელს თანამედროვე გაჯეტებმა ვერ უშველა - ორი წლის შემდეგ, ისიც გაათავისუფლეს. მისი საქმის გამგრძელებელი გამოდგა ტომას ტუხელი, რომელიც ბაიერნში დღემდე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მან გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/2 ფინალში გაიყვანა, გერმანელი დამრიგებელი მიუნხენში ნამდვილ ჯოჯოხეთს გადის.
უკვე გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "რეკორდმაისტერს" ახალი მწვრთნელი ეყოლება. ამჟამინდელ სპეციალისტს არ პატიობენ იმ ფაქტს, რომ ბავარიელებს გერმანიის ჩემპიონის ტიტულის დათმობა ლევერკუზენის ბაიერისთვის მოუწიათ. პირველი ცნობები მისი გაშვების შესახებ ჯერ კიდევ ზამთარში გავრცელდა.
ერთი სიტყვით, სანამ ალიანც არენას ბინადრები იდენტობის დამბრუნებელი იდეალური მწვრთნელის ძიებაში არიან, იტალიელმა სპეციალისტმა წარმატებით განაახლა კარიერა, თანაც "ბლანკოსში". დიახ, ბაიერნიდან წასვლის შემდეგ, კარლოს გზაზე იყო აბსოლიტურად უცნაური გადაწყვეტილებებიც, რაც ეხებოდა ნაპოლსა და ევერტონში მუშაობას.

სანამ მიუნხენელები ჰანს-დიტერთან ერთად იმარჯვებდნენ ჩემპიონთა ლიგაზე, მათი ყოფილი მწვრთნელი თავის გენიალურ ტაქტიკურ პოტენციალს უპერსპექტივო ლივერპულურ გუნდში ფლანგავდა. იმ დროს მართლა ჩანდა ისე, თითქოს "რეკორდმაისტერის" ყოფილი დამრიგებლის ადგილი აღარ იყო თანამედროვე დიდ ფეხბურთში, მაგრამ ეს თეორია მხოლოდ მოჩვენებითი აღმოჩნდა.
ყველაფერი შეიცვალა 64 წლის მწვრთნელის სანტიაგო ბერნაბეუზე დაბრუნების შემდეგ, სადაც მან თავის კოლექციას რიგით მეოთხე ჩემპიონთა ლიგის თასი შემატა. ცნობისთვის, ბავარიელებმა თავიანთ ისტორიაში ეს ჯილდო სულ 6-ჯერ მოიგეს. არაა გამორიცხული, რომ წელს ანჩელოტიმ თავის ყოფილ კლუბთან სხვაობა 1 თასამდე შეამციროს.
დავუბრუნდეთ გერმანელი ჟურნალისტების კრიტიკას, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იტალიელი მწვრთნელის ხელში ვერ ვითარდებოდნენ ახალგაზრდა მოთამაშები და ამის პარალელურად მან თამაშის ხარისხი გამოცდილ შემსრულებლებსაც დაუგდო. ბრალდება, პირველ რიგში, რენატო სანჩესს მიემართებოდა, რომელიც იმ დროს პერსპექტიულ მოთამაშედ ჯერ კიდევ ითვლებოდა.

დრომ აჩვენა, რომ პრობლემა იმალებოდა არა კარლოში, არამედ უშუალოდ პორტუგალიელ ცენტრალურ ნახევარმცველში, რომელმაც ალიანც არენას შემდეგ, გამოიცვალა 4 კლუბი, მაგრამ თავის დამკვიდრება მან ვერსად შეძლო. რა ხდება ამ დროს ბაიერნის ყოფილი დამრიგებლის ამჟამინდელ გუნდში? ძირითად ბირთვს სწორედ ახალგაზრდა მოთამაშეები წარმოადგენენ.
ფედერიკო ვალვერდე, ჯუდ ბელინგემი, ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო გოესი, ედუარდო კამავინგა, ორელიან ჩუამენი და სხვები. მათი უმაღლესი დონის პერფომანსები ამტკიცებს იმას, რომ 64 წლის სპეციალისტს თანამედროვე ფეხბურთში "რაღაც" გაეგება. რაც შეეხებათ გამოცდილ მოთამაშეებს, როგორც გვახსოვს, მიუნხენში ანჩელოტის აუმხედრდნენ არიენ რობენი, ფრანკ რიბერი და ტომას მიულერი.
საუბარია იმ ფეხბურთელების შესახებ, რომელთა საუკეთესო წლები ობიექტურად უკვე წარსულში იყო დარჩენილი. აღნიშნული სამეული ვერც იტალიელი სპეციალისტის წასვლის შემდეგ ათამაშდა ძველებურად. რა ხდება ამ დროს რეალში? ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ტრიუმფი წარმოუდგენელი იყო კარიმ ბენზემას, ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის გარეშე.

ხორვატი და გერმანელი ნახევარმცველები მადრიდული გუნდის განუყოფელ ნაწილად ახლაც კი რჩებიან. დღეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ფარგლებში, კარლო უპირისპირდება გუნდს, სადაც ერთ დროს მუშაობდა და მის წინააღმდეგ იყო ყველა და ყველაფერი. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის შურისძიებას.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ "სამეფო კლუბის" მწვრთნელმა სხვებზე უკეთ იცის, თუ რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგაზე "რეკორდმაისტერთან" მოგება. 64 წლის სპეციალისტის სტატისტიკა ბავარიელების წინააღმდეგ ისეთია, თითქოს საქმე გვაქვს არა გერმანული ფეხბურთის მთავარ გრანდთან, არამედ ბევრად უფრო დაბალი კალიბრის გუნდთან: 8 მატჩი, 6 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება.












