საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია ახალი მასშტაბური ტურნირისთვის ემზადება, რომლის სახელწოდებაც eLiga Georgia იქნება.
eLiga Georgia ეს არის ტურნირი კიბერფეხბურთში, კერძოდ Ea FC 26-ში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 12 კლუბის პროფესიონალი კიბერფეხბურთელი. ტურნირის საპრიზო ფონდი 45 000 ლარი იქნება.
ტურნირი გაიმართება ლიგის ფაზისა და ფლეი-ოფის პრინციპით, რომელიც სტარტს უახლოეს მომავალში აიღებს, ფინალურ დაპირისპირებას კი 30 აპრილს ვიხილავთ. eLiga Georgia-ს გამარჯვებული კლუბი ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე, პირდაპირ მიიღებს მონაწილეობას e-ჩემპიონთა ლიგაზე, რომელსაც ორგანიზებას უწევს EA Sports.
კლუბები, რომლებიც eLiga Georgia-ს ტურნირზე მონაწილეობას მიიღებენ: იბერია 1999, დილა გორი, ტორპედო ქუთაისი, დინამო თბილისი, გაგრა, დინამო ბათუმი, სამგურალი, რუსთავი, მეშახტე, სპაერი, ლოკომოტივი თბილისი, თელავი.
“ძალიან ვამაყობთ, რომ ეს ოცნება რეალობად იქცა. საქართველოს ჩემპიონს ექნება შესაძლებლობა იასპარეზოს eChampions League-ში”, - ლევან გოგორელიანი, GCFF-ის პრეზიდენტი
“ეს არის ახალი თავი საქართველოს კიბერსპორტის ისტორიაში. ჩვენ უკვე EA-ის ეკოსისტემის ნაწილი ვართ და დადგა ჩვენი დრო, რომ გავიბრწყინოთ — ოცნებები მართლაც სრულდება”, -თემურ მჟავია, GCFF-ის თანაპრეზიდენტი
ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ქართული კიბერფეხბურთი EA Sports-ის ეკოსისტემის წევრი გახდება.
პროექტი ხორციელდება ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დახმარებით.
"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კიბერსპორტის ოჯახს შევუერთდით. როგორც ტრადიციული ფეხბურთი, ისე კიბერფეხბურთიც ძალიან სწრაფად ვითარდება და მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ სპორტის წარმატებაში", -გიორგი კალანდაძე, GFDF-ის დირექტორი
eLiga Georgia-ს მხარდამჭერი ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც იქნება.















