ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta X Goal.ge ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, თვის საუკეთესო გოლს კი გულშემატკივარი გამოკითხვის შედეგად ავლენს.
აგვისტოს თვის საუკეთესო გოლად გულშემატკივრებმა ფოთის კოლხეთის ფორვარდის ნიკოლოზ ქუთათელაძის მიერ თელავის კარში გატანილი გოლი დაასახელეს.
ჩვენი ვერსიით, აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი დინამო თბილისის შემტევი თორნიკე მორჩილაძე გახდა, რომელმაც გასულ თვეში 3 გოლი გაიტანა და გუნდის წარმატებაში მთავარი წვლილი შეიტანა. დინამო თბილისს აგვისტოს თვეში თამაში არ წაუგია - 2 მოგება, 3 ფრე.
"გასულ თვეში ჩემი გუნდის თამაშს დადებითად შევაფასებ, თუმცა ბევრი ფრე ვითამაშეთ და უკეთესის მოლოდინი გვაქვს. ვეცდებით, ეს გამოვასწოროთ და შემდეგი მატჩები უკეთესი იყოს. წელს ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და ვეცდებით, ეს მიზნები სისრულეში მოვიყვანოთ. მართალია ლიდერებთან ჩამორჩენა დიდია, თუმცა ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი დროა და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა მორჩილაძემ ჩვენთან საუბარში.









