შეიძლება ითქვას, ეს 6-ქულიანი დაპირისპირებაა, რადგან ბათუმი და იბერია მე-2, მე-3 ადგილებზე არიან და მათთვის ყველა ქულა მნიშვნელოვანია, რათა საჩემპიონო ბრძოლას არ ჩამორჩნენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ორივე გუნდს ცუდი შედეები აქვს. იბერიამაც და დინამო ბათუმმაც ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, რაც იმის საწინდარი გახდა, რომ ცხრილს სათავეში გორის დილა ჩაუდგა.
გორელები ბრწყინვალე ფორმაში არიან, გუნდის ნახევარზე მეტი ფეხბურთელი ლეგიონერია და როგორც ჩანს, იმედებსაც ამართლებენ. დღეს ისინი საკუთარ მოედანზე დინამო თბილისს შეხვდებიან და გამარჯვებასა და ლიდერობის გამყარებას შეეცდებიან.
ამ მატჩამდე კი წყალტუბოში უშუალო კონკურენტების მატჩი გაიმართება. სამგურალი სამტრედიას მასპინძლობს. სამტრედიელებს გამარჯვება სჭირდებათ, რათა უშუალო კონკურენტებს ქულებში არ ჩამორჩნენ და გასავარდნი ზონიდან თავი დააღწიონ. შეგახსენებთ, რომ გუნდს, დისკვალიფიკაციის გამო, კაპიტანი ლევან ხმალაძე დააკლდება.
ზედიზედ 5 ფრის შემდეგ, ქუთაისის ტორპედომ გასულ ტურში დინამო ბათუმი დაამარცხა, უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, რწმენა დაიბრუნა და კოლხეთთან მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდება, სადაც გამარჯვების შემთხვევაში, ზედა სამეულს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში შეუერთდება.
საინტერესო იქნება გაგრასა და თელავის მატჩიც, რადგან ისინიც გადარჩენისთვის იბრძვიან, ერთნაირი ქულები აქვთ და ორივე გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავა.
ეროვნული ლიგის მე-15 ტურის განრიგი:
18 მაისი, 16:30 - სამგურალი-სამტრედია
18 მაისი, 20:00 - დილა-დინამო თბილისი
19 მაისი, 19:00 - გაგრა-თელავი
19 მაისი, 20:00 - კოლხეთი-ტორპედო
19 მაისი, 21:00 - დინამო ბათუმი-იბერია









