ეროვნული ლიგის მე-8 ტურიც დასრულდა. მოგეხსენებათ, ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში შედგა. ტორპედოსა და დინამო თბილისის მატჩი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. გორის დილამ კი კოლხეთს 2:0 სძლია.
დღეს, კიდევ 3 შეხვედრა გაიმართა. მოქმედი ჩემპიონი იბერია შინ აუტსაიდერ გარეჯს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ანგარიში იური ტაბატაძემ გახსნა. იბერია უპირატესობას ფლობდა, თუმცა რამდენიმე წუთიანი მოდუნებით გარეჯმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი ბოლო წუთებზე ივა გელაშვილმა გაიტანა.
ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ თელავი და გაგრა წელს კვლავ ერთმანეთის უშუალო კონკურენტები იქნებიან. დღეს, ეს კონკურენტები ერთმანეთს თელავში შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გაგრამ 2 პენალტი გააფუჭა, თელავიდან მაინც შეძლო 3 ქულის წამოღება და 1:0 მოიგო.
ტური დინამო ბათუმისა და სამგურალის მატჩით დასრულდა. ბათუმელები კარგ სვლას აგრძელებენ და იმერლები 2:0 დაამარცხეს.
8 ტურის შემდეგ, მხოლოდ 2 გუნდია, რომელსაც ჯერ თამაში არ წაუგია. იბერია და დინამო ბათუმი სატურნირო ცხრილს წაგების გარეშე უდგანან სათავეში.









