ეროვნული ლიგის 2025 წლის გათამაშება დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც იბერია გახდა. აღსანიშნავია, რომ იბერია საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა, ამჯერად მათ ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდების შენარჩუნებისთვის დიდი ბრძოლა დასჭირდათ.
მთელი სეზონის განმავლობაში, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს იბერია და გორის დილა ებრძოდნენ და ბოლო ტურამდე არავინ იცოდა, ვინ გახდებოდა ჩემპიონი. 2017 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვა. მოგეხსენებათ, 8 წლის წინ ბოლო ტურში ჩემპიონობა ქუთაისის ტორპედომ იზეიმა.
21 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი ბიორნ იონსენი გახდა. იონსენმა სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა ნელ-ნელა ფორმა აკრიფა და ბომბარდირის სტატუსს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
წლევანდელ ეროვნულ ლიგაში ვიხილეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და ყველასთვის ნაცნობი სახეები, რამაც ინტერესი და სათამაშო ხარისხი უფრო გაზარდა - გიორგი ლორია, ჯაბა კანკავა, სანდრო ალთუნაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ვაკო გვილია და სხვები. სასიხარულოა, რომ ასეთი გამოცდილი ფეხბურთელები დღეს ეროვნულ ლიგაში თამაშობენ და თავიანთ გამოცდილებას ახალგაზრდა თანაგუნდელებს უზიარებენ.
თუ ახალგაზრდებზე მიდგება საუბარი, ამ მხრივ ბევრი მოთამაშის გამორჩევა შეიძლება. უნდა აღვნიშნოთ დინამო თბილისის პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც, ძირითადი გუნდის უმრავლესობა აკადემიის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. გამორჩეული სეზონი ჰქონდა მარცხენა მცველს საბა ხარებაშვილს.
ეროვნული ლიგის 2025 წლის გათამაშების ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი ანდრია ბართიშვილის უმაღლეს ლიგაში ხილვაა. 17 წლის შემტევი თანამდეროვეობის გამორჩეული ტალანტია. მან კოლხეთის რიგებში ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა და დიდი გამოცდილება მიიღო. LaGazzetta.ge-ს ვერსიით, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ალეკო ბასილაძე დასახელდა. ქუთაისის ტორპედოს შემტევმა კარგი სეზონი ჩაატარა, 21-წლამდე ნაკრებშიც მოხვდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო - 6 გოლი, 5 ასისტი.
შესაქებია გორის დილაც. გუნდის უმრავლესობა უცხოელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ამის ფონზე, გორელები ბოლო ტურამდე იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის. ლეგიონერებიდან გამორჩეულები კონტე და ედუძი იყვნენ, რომლებიც ნახევარდაცვის ხაზში გუნდს ლიდერობდნენ და დილას სათამაშო სტილიც ეს იყო - ბურთის ჭერა და პირველ ნომრად თამაში.
იბერიას მეკარემ გიორგი მაკარიძემ გამორჩეული შედეგი დააფიქსირა და ამ სეზონში კარი მშრალად 20-ჯერ შეინახა. მსგავსი მაჩვენებელი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს ევროპაში არცერთ მეკარეს არ აქვს.
LaGazzetta.ge-ს ვერსიით, ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად იბერიას მოთამაშე გიორგი ჯინჯოლავა დასახელდა. ჯინჯოლავამ სეზონი ისე კარგად დაიწყო, რომ ივნისის მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებშიც იძახებდნენ, რა დროსაც ტრავმა მიიღო. ჯინჯოლავა მოედანს მესამე წრეში დაუბრუნდა და ისე თამაშობდა, თითქოს ტრავმა არც არასდროს ჰქონია. მან გადამწყვეტ მატჩებში იბერიას გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა, ულამაზესი გოლები გაიტანა და ტრავმებს თუ არ ჩავთვლით, ყველაზე სტაბილური სეზონი ჰქონდა.
საბოლოოდ, ყველაფერი ასე დალაგდა - მომავალ წელს საქართველოს სახელით ევროტურნირებზე იბერია, დილა, ტორპედო და დინამო თბილისი ითამაშებენ. ეროვნული ლიგა როგორც არ უნდა შევაფასოთ, საბოლოოდ ყველაფერი მაინც ევროტურნირებზე მიდის, სადაც იმედია გუნდები სათანადოდ წელს მაინც მოემზადებიან და ფინალურ ეტაპზე მინიმუმ ერთ გუნდს ვიხილავთ.
ეროვნული ლიგის 2025 წლის სიმბოლური გუნდი









