ნიდერლანდები-გერმანია 2:2;
ამსტერდამში გაიმართა ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც გუნდებმა ქულები გაიყვეს. მატჩში ანგარიში საკმაოდ მალე, კერძოდ მე-2 წუთზე გაიხსნა. რაიან გრავენბერხის საგოლე გადაცემით ტიჯანი რეინდერსმა ისარგებლა. შემდეგ იყო გერმანელების გააქტიურება და ორი გატანილი გოლი. იულიან ნაგელსმანის გუნდმა ტაიმის ბოლომდე წინ გასვლა მოახერხა — თავი დენის უნდავმა და იოზუა კიმიხმა გამოიჩინეს. მეორე ტაიმში მაყურებელმა კიდევ ერთი გატანილი გოლი იხილა, რომელიც დენზელ დუმფრისმა შეაგდო. შეხვედრის დასრულებამდე მეტი გატანილი გოლი აღარ გვინახავს.
A დივიზიონში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა უნგრეთში, სადაც ადგილობრივმა ნაკრებმა ბოსნია და ჰერცოგოვინას უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ინგლისი-ფინეთი 2:0;
დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა ინგლისმა, რომელმაც ფინეთი მარტივად, 2:0 დაამარცხა. ჰარი კეინმა დუბლის შესრულება მოახერხა. ამ გამარჯვებით, ლი ქარსლის გუნდმა 6 ქულა დააგროვა და ჯგუფში საბერძნეთთან ერთად გალიდერდა.
B დივიზიონის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა ირლანდიაში, სადაც მასპინძელმა გუნდმა საბერძნეთთან 0:2 წააგო. რაც შეეხება ჩეხეთი-უკრაინის შეხვედრას, მაყურებელმა 5 გატანილი გოლი იხილა, გამარჯვება კი ჰაშეკის გუნდს დარჩა. მასპინძელთა მხრიდან თავი პაველ სულციმ და ტომას სოუჩეკმა გამოიჩინეს, ხოლო უკრაინელთა მხრიდან გოლების გატანა ვლადისლავ ვანატმა და გეორგი სუდაკოვმა მოახერხეს.
C დივიზიონის ორი შეხვედრა გაიმართა გუშინ ღამით. ლატვიამ სახლში ფარერების დამარცხება მოახერხა, 1:0, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიამ სომხეთს ორი უპასუხო გოლი გაუტანა, 2:0.
რაც შეეხება ბოლო, D დივიზიონის, აქ მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდა. ანდორამ სახლში მალტასთან მინიმალური ანგარიშით, 0:1 წააგო.









