
ისრაელი-იტალია 1:2;
კარგ ფორმაშია ლუჩანო სპალეტის გუნდი, რომელმაც ერთა ლიგის ახალი სეზონი დამაჯერებლად დაიწყო. "სკუადრა აძურამ" საფრანგეთის დამარცხების შემდეგ, ისრაელსაც მოუგო და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერი გახდა. იტალიის მხრიდან თავი დავიდე ფრატეზიმ და მოიზე კინმა გამოიჩინეს, ისრაელიდან კი ერთადერთი გოლის გატანა მუჰამედ აბუ ფანიმ მოახერხა. ევრო 2024-ზე ნაჩვენები ცუდი პერფორმანსის შემდეგ, სპალეტის გუნდმა სათამაშო ხარისხი მნიშვნელოვნად გამოასწორა.

საფრანგეთი-ბელგია 2:0;
ახალ სეზონში თავისი პირველი მატჩი მოიგო საფრანგეთმა. დიდიე დეშამმა პირველი ტურის შემდეგ როტაციას მიმართა, რამაც გაამართლა, ფრანგებმა სახლში ბელგია 2:0 დაამარცხეს. გოლები რანდალ კოლო მუანიმ და უსმან დემბელემ გაიტანეს. სტუმარმა გუნდმა საფრანგეთს საინტერესო ვერაფერი შესთავაზა და უშანსოდ დათმო ეს შეხვედრა.

თურქეთი-ისლანდია 3-1;
B დივიზიონში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თურქეთმა. ვინჩენცო მონტელამ სახლში ისლანდია უშანსოდ, 3:1 დაამარცხა. ჰეთთრიკის შესრულება მოახერხა მუჰამედ ქერემ აქტურქოღლუმ. ისლანდიელთა მხრიდან კი ერთი გოლის გატანა ვიქტორ პალსონმა შეძლო.
თავისი პირველი მატჩის მოგება მოახერხა უელსმაც, რომელმაც გასვლაზე მძიმე ბრძოლაში მონტენეგრო, 1:2 დაამარცხა. კიფერ მურისა და ჰარი ვილსონის გატანილი გოლებით, ბელამის გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და თურქეთთან ერთად მეოთხე ჯგუფს სათავეში ჩუდგა.
საინტერესო მატჩი გაიმართა ნორვეგიაში, სადაც ადგილობრივმა ნაკრებმა ავსტრია დაამარცხა და საჭირო 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. მასპინძელთა მხრიდან თავი ფელიქს მიჰრემ და ერლინგ ჰოლანდმა გამოიჩინეს. ავსტრიელთა მხრიდან ერთი გოლი მარსელ საბიცერის ანგარიშზეა. ამ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო მარტინ ოდეგორმა და როგორც ნორვეგიულ პრესაში იწერება, არსენალის კაპიტანი დიდი ალბათობით რამდენიმე თვეს გამოტოვებს.
თავისი შეხვედრის მოგება მოახერხა სლოვენიამაც, რომელმაც ყაზახეთი მარტივად, 3:0 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბენჟამინ შეშკო გახდა, რომელმაც ჰეთთრიკის შესრულება მოახერხა.

კვიპროსი-კოსოვო 0:4;
C დივიზიონის მორიგი მატჩი გაიმართა კვიპროსში, სადაც თემურ ქეცბაიას გუნდი კოსოვოსთან განადგურდა. ფოდას გუნდმა მასპინძლებს არც მეტი, არც ნაკლები, ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. სტუმართა მხრიდან თავი ვედატ მურიქმა, ალბიონ რაჰმანიმ და ლუმბარდ დელოვამ გამოიჩინეს.
ორიდან ორი შეხვედრა მოიგო რუმინეთმა — ლუჩესკუს შეგირდებმა ამჯერად ლიეტუვას დამარცხება მოახერხეს, ანგარიშით 3:1. გოლების ავტორები ვალეტნინ მიჰაილა, რაზვან მარინი და ალეშანდრუ მიტრიტა გახდნენ.









