
შვეიცარია - ესპანეთი:
სანახაობრივი მატჩი ვიხილეთ ჟენევაში, სადაც შვეიცარია ესპანეთს დაუპირისპირდა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა, პირველი ტურისგან განსხვავებით, შვეიცარიასთან უკვე თავისი ფეხბურთი აჩვენა და მეტოქე უშანსოდ, 1:4 დამაარცხა. იმის მიუხედავად, რომ მე-20 წუთიდან მოყოლებული "ფურია როხა" 10-კაცით იყო მოედანზე, სტუმარ გუნდს გამარჯვების მოპოვება მაინც არ გასჭირვებია.
ესპანეთის მხრიდან თავი ხოსელუმ, ფაბიან რუიზმა და ფერან ტორესმა გამოიჩინეს. შვეიცარიის მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ზეკი ამდუნი გახდა.

პორტუგალია - შოტლანდია:
ორიდან ორი! მარტინესის გუნდმა მეორე ტურშიც მოიგო. ამჯერად, პორტუგალიამ შოტლანდია დაამარცხა, თანაც საკმაოდ მძიმე დაპირისპირებაში. შეხვედრაში ანგარიში სკოტ მაკტომინეიმ გახსნა, რომელიც საოცარ ფორმაშია. პორტუგალიას ანგარიშის გათანაბრება გაუჭირდა, თუმცა 54-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშის შორეულ გასროლას, ანგუს განმა ვერაფერი მოუხერხა და წონასწორობაც აღდგა.
პირველი ტურისგან განსხვავებით, რონალდუმ ეს მატჩი სკამიდან დაიწყო, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე, 39 წლის ფორვარდი მოედანზე შევიდა. შეხვედრის მიწურულს კი კრიშტიანომ გუნდს კიდევ ერთხელ ულიდერა და კარიერაში ახალი ფურცლის დაწერა დაიწყო. 901-ე კარიერული გოლი და გამარჯვება სახლში! 88-ე წუთზე გატანილი გოლით, პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდამ საკუთარ გუნდს მოაგებინა.

ხორვატია - პოლონეთი:
A დივიზიონის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ხორვატიაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ნაკრებმა პოლონეთს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთ გოლი ლეგენდარულმა ლუკა მოდრიჩმა გაიტანა. მატჩის 52-ე წუთზე პოლონეთის კარში საკმაოდ სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, რომელიც 39 წლის მოდრიჩმა გოლად გარდასახა.
შეხვედრის ბოლომდე, პოლონეთი ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, თუმცა დალიჩის გუნდმა საკუთარი კარი კარგად დაიცვა.
მეორე გამარჯვების მოპოვება მოახერხა დანიამ, რომელმაც სერბეთი უშანსოდ, 2:0 დაამარცხა. თავი ალბერტ გრონბაეკმა და იუსუფ პოულსენმა გამოიჩინეს.

შვედეთი - ესტონეთი:
C დივიზიონის უდაოდ გამორჩეული და ძლიერი ნაკრები, სრული სვლით წინ მიიწევს. შვედეთმა მეორე ტურშიც გაიმარჯვა, თანაც ძალიან მარტივად. ტომასონის გუნდმა ესტონეთს სამი უპასუხო გოლი გაუტანა, თავი კი კვლავ ისაკმა და გიოკერესმა გამოიჩინეს.
გუშინ ღამით კიდევ სამი მატჩი გაიმართა C დივიზიონში:
ლუქსემბურგი-ბელარუსი 0:1;
ბულგარეთი-ჩრდილოეთ მაკედონია 1:0;
სლოვაკეთი-აზერბაიჯანი 2:0;
რაც შეეხება D დივიზიონს, აქ მხოლოდ ერთი დაპირისპირება ვიხილეთ. გიბრალტარი-ლიხტენშტაინის მატჩი, რომელიც საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. მაყურებელმა 4 გატანილი გოლი იხილა, გუნდებმა კი ქულები გაიყვეს, 2:2.









