
პორტუგალია - ხორვატია:
მატჩის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილმა 57 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა, ლეგენდარული პეპე ფეხბურთიდან გააცილა. პორტუგალიური ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, დამსახურებული აპლოდისმენტები მიიღო.
რაც შეეხება შეხვედრას, იმის მიუხედავად, რომ ტაბლოზე საბრძოლო ანგარიში, 2-1 დაფიქსირდა, 90 წუთის განმავლობაში რობერტო მარტინესის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა. მატჩში ანგარიში საკმაოდ მალე, კერძოდ მე-7 წუთზე გაიხსნა. პორტუგალიელთა მხრიდან გოლი მანჩესტერ იუნაიტედის ბიჭებმა შექმნეს — ბრუნო ფერნანდეშის საოცარ პასს, დიოგო დალოს გოლი მოჰყვა. აქედან საკმაოდ მალე კი ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა, კრიშტიანო რონალდუმ კარიერაში მე-900 გოლი გაიტანა. ლეგენდამ მორიგი გატანილი გოლი ემოციურად აღნიშნა. 39 წლის ფეხბურთელი ნუნო მენდეშის კარგ ჩაწოდებას გამოეხმაურა და ლივაკოვიჩს აუღებელი დაურტყა, 2-0.
დალიჩის გუნდმა ერთი გოლის გატანა პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხა. ბორნა სოსას აქტიურობას, დიოგო დალოს ავტო-გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალეს, თუმცა მაყურებელს მეტი გატანილი გოლი აღარ უნახავს.

სერბეთი - ესპანეთი:
ახალ შესარჩევ ეტაპს საკმაოდ მძიმედ იწყებს "ფურია როხა". ლუის დე ლა ფუენტეს ესპანეთმა გასვლაზე სერბეთს ვერ მოუგო, მეტიც, წაგებასაც გადაურჩა. მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იხილა, სადაც გოლის გატანა ორივე ნაკრებს შეეძლო. გამოსარჩევია ლუკა იოვიჩის 100%-იანი საგოლე შანსი, რომელიც 26 წლის ფეხბურთელმა ვერ გამოიყენა. მილანის ფორვარდი მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა მისი დარტყმული კარის ჩარჩოშიც კი არ წასულა.
აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ მთავარმა არბიტრმა 9 ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი. მატჩი საკმაოდ უხეში იყო და სანახაობრივი მხარე მოიკოჭლებდა. საბოლოო ჯამში, შეხვედრა 0-0 დასრულდა.
გუშინ A დივიზიონის კიდევ ორი მატჩი გაიმართა, სადაც დანიამ შვეიცარიას 2-0 მოუგო, ხოლო პოლონეთმა გასვლაზე მძიმე ბრძოლაში შოტლანდიას 2-3 სძლია.

აზერბაიჯანი - შვედეთი:
C დივიზიონის ყველაზე გამორჩეული და ძლიერი ნაკრები ახალ შესარჩევ ეტაპს კარგად იწყებს — შვედეთმა გასვლაზე აზერბაიჯანი 1-3 დაამარცხა. გოლები ალექსანდერ ისაკმა და ვიქტორ გიოკერესმა გაიტანეს. ნიუკასლის 24 წლის ფორვარდმა დუბლის შესრულება მოახერხა. აზერბაიჯანის მხრიდან ერთი გოლი რენატ დადაშოვმა გაიტანა.
გუშინ ღამით გაიმართა კიდევ სამი შეხვედრა:
ბელარუსი-ბულგარეთის მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა;
ესტონეთი საკუთარ კედლებში ესტონეთთან 0-1 დამარცხდა;
ჩრდილოეთ ირლანდიამ კი ლუქსემბურგს მარტივად, 2-0 მოუგო;

სან მარინო - ლიხტენშტაინი:
პირველი სათამაშო დღის ყველაზე საინტერესო და სენსაციური მატჩი გაიმართა D დივიზიონში, სადაც სან მარინომ არსებობის ისტორიაში პირველად ოფიციალურ შეხვედრაში გაიმარჯვა! რობერტო ჩევოლის გუნდმა საკუთარ კედლებში ლიხტენშტაინის დამარცხება მოახერხა. მატჩის ერთადერთი გოლი ნიკო სენსოლიმ გაიტანა.









