დღეს გაირკვევა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც ოქროს ბუცს მიიღებს. ამ მომენტისთვის ლიდერობს კილიან მბაპე, 31 გოლითა და 62 ქულით თავის აქტივში. ფრანგი ფორვარდის შემდეგ, 39 ბურთითა და 58.5 ქულით მოდის ვიქტორ გიოკერეში, მაგრამ პორტუგალიაში სეზონი უკვე დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მადრიდის რეალის შემტევს ის ვეღარ გადაასწრებს.
ისმის კითხვა - რომელ ფეხბურთელს შეუძლია "სამეფო კლუბის" ცხრიანისთვის ოქროს ბუცის წართმევა? რეალური შანსი აქვს მოჰამედ სალაჰს, მაგრამ საამისოდ მას დიდი ძალისხმევა დასჭირდება. მის ანგარიშზე არის 28 ბურთი, რაც ნიშნავს იმას, რომ "დონატელოსთან" გასათანაბრებლად ეგვიპტელმა ფორვარდმა დღეს კრისტალ პალასის კარი მინიმუმ 3-ჯერ უნდა აიღოს.
ერთპიროვნული პირველი ადგილისთვის კი ლივერპულის ლიდერმა პოკერი უნდა შეასრულოს. ხუთეულში ტრიალებენ რობერტ ლევანდოვსკი და მატეო რეტეგიც, რომლებსაც ჯერ კიდევ წინ აქვთ 1 შეხვედრა, მაგრამ ისინი თავიანთ 26 წლის კონკურენტს 6 ბურთით ჩამორჩებიან.
| ფეხბურთელი | ქულები | გოლები |
| კილიან მბაპე | 62 | 31 |
| ვიქტორ გიოკერეში | 58.5 | 39 |
| მოჰამედ სალაჰი | 56 | 28 |
| ჰარი კეინი | 52 | 26 |
| რობერტ ლევანდოვსკი | 50 | 25 |
| მატეო რეტეგი | 50 | 25 |









