ლივერპულის სეზონის დასაწყისმა აჩვენა, რომ ალისონ ბეკერი მთავარი მეკარის სტატუსის დათმობას არ აპირებს. ვარსკვლავური კარის დარაჯი იყო მერსისაიდელთა ძირითადში როგორც ინგლისის სუპერ თასზე, ისე ჩემპიონატის პირველ ორ ტურში, ნიუკასლსა და ბორნმუთთან.
მთავარი კი არის ის, რომ ბრაზილიელ მეკარეს ასი პროცენტით ენდობა "წითლების" მწვრთნელი, არნე სლოტი. ეს გარემოება უარყოფით გავლენას ახდენს გიორგი მამარდაშვილზე, რომელიც ამ მომენტისთვის ენფილზე სათადარიგო გოლკიპერი არის. როგორ უნდა მოხვდეს ქართველი კარის დარაჯი ლივერპულის ძირითადში? ვარიანტი არის მხოლოდ ერთი: კონკურენტის ტრავმა.
მერსისაიდელთა მეკარე თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ფაქტია, უკანასკნელ ორ სეზონში ის საკმაოდ ტრავმატულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. თავად განსაჯეთ: გასულ სეზონში "წითლების" პირველმა ნომერმა სხვადასხვა დაზიანებების გამო საერთო ჯამში 31 შეხვედრა გამოტოვა.
32 წლის მეკარის სუსტი წერტილი არის ბარძაყის უკანა კუნთების ტრავმა - დაზიანება, რომელიც მის კარიერაში ყველაზე ხშირად გვხვდება. მაგალითისთვის ავიღოთ ისევ გასული სეზონი, რომელშიც 31 შეხვედრიდან 26, ალისონმა სწორედ აღნიშნული ტრავმის გამო გამოტოვა.
რაც შეეხება 2023/2024 წლების სეზონს, ბრაზილიელ მეკარეს საერთო ჯამში 19 მატჩი გაუცდა. თამაშების გამოტოვების მთავარი მიზეზი ისევ და ისევ ბარძაყის უკანა კუნთების დაზიანება იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ წლიდან წლამდე, ბეკერის ტრავმატულობა უფრო და უფრო იმატებს.
2023/2024 წლების სეზონში ენფილდის ბინადრების მეკარემ ლაზარეთში გაატარა 75 დღე, გასულ სეზონში კი 127. მიმდინარე სეზონში ის ბრწყინვალე ფორმაშია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ უჩივის, მაგრამ ტრავმისგან დაზღვეული არავინაა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის გოლკიპერი ნებისმიერ მომენტში მზად უნდა იყოს.









