რას ნიშნავს აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსი?
დაახლოებითი შედარებისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ლენოქს ლუისის ბრძოლები მაიკ ტაისონთან და ვიტალი კლიჩკოსთან, თუმცა მომავალი დუელი ამ ლეგენდარულ დაპირისპირებებსაც ჩრდილავს. ამერიკელი მებრძოლი იმ დროს განიცდიდა კარიერულ დაღმასვლას, უკრაინელს კი კრის ბერდთან ჰქონდა წაგებული.
შეგვიძლია ასევე "ბოშათა მეფისა" და ვლადიმირ კლიჩკოს ბრძოლის გახსენებაც, თუმცა ის დუელი პირველისთვის კარიერის რეანიმირება უფრო იყო და მეორესთვის - დიდ სპორტთან დამშვიდობება. უკრაინელი მოკრივე იყო მეტოქეზე 12 წლით უფროსი და მის ანგარიშზე 3 წაგებაც ფიქსირდებოდა. 18 მაისის ბრძოლის მთავარი გმირები კი ცნობისთვის, დაუმარცხებლები არიან.

უკანასკნელი აბსოლუტური ჩემპიონი მძიმე წონაში ლუისი იყო, რომელმაც 1999 წელს, ევანდერ ჰოლიფილდთან გამარჯვებით, WBC-ის, WBA-სა და IBF-ის ქამრები დაისაკუთრა. 2007 წელს, დაემატა კიდევ ერთი, WBO-ს ქამარიც. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ქამართი ერთად ჯერ არავის მფლობელობაში არ ყოფილა. დიახ, ისტორიული მოვლენა ახლოვდება.
წლების წინ, იყო ბევრი საუბარი იმის შესახებ, რომ აბსოლუტური ჩემპიონის ვინაობა ერთმანეთში უნდა გაერკვიათ ენტონი ჯოშუასა და დეონტეი უაილდერს, მაგრამ მათი ბრძოლა არ შედგა. გავიდა დრო და დღეს, მძიმე წონას ჰყავს ახალი მეფეები, ისინი, რომლებმაც ეს დუეტი სამეფო ტახტამდე არ მიუშვა.
ფიურიმ დაამარცხა ამერიკელი მოკრივე, უკრაინელმა კი - ბრიტანელი. ულაპარაკოდ, ორივე მათგანი კრივის დიდების დარბაზის მომავალი წევრია და თავისი სტატუსის კიდევ უფრო გამყარებისთვის, მათ მხოლოდ ერთმანეთთან ბრძოლა აკლიათ. ახლა კი განვიხილოთ მოახლოებული ბრძოლის შესაძლო სცენარი.

უსიკი - ტექნიკური, სწრაფი, მაგრამ პროგნოზირებადი
"კატა" თავის მოწინააღმდეგესთან შედარებით უფრო პროგნოზირებადია და მისი სტილი ნაკლებად იცვლება. ის ბევრს იმოძრავებს და ეცდება დისტანციის შემცირებას, მაგრამ ბრიტანელი მებრძოლის პირისპირ ეს არც ისე მარტივი იქნება: "უსიკი გადმოხტება წინ ჯებით, მე კი მას ხელს დავახვედრებ. სად უნდა წავიდეს?
მაქვს უპირატესობა გაბარიტებში და სანამ მე თვითონ არ მივუახლოვდები ოლექსანდრს, ის ჩემამდე ვერ მოვა", - აცხადებს ტაისონი, თუმცა ყველაფერი რომ ასე მარტივად იყოს, იგივე "ეიჯეი" უკრაინელ მებრძოლს უპრობლემოდ მოუგებდა. იმ ბრძოლაში არავინ ხტებოდა ჯებით წინ, ყველაფერი სწორმა და გაშლილმა დარტყმებმა გადაწყვიტა.
"კატა" თავის მოწინააღმდეგესთან შედარებით უფრო პროგნოზირებადია და მისი სტილი ნაკლებად იცვლება. ის ბევრს იმოძრავებს და ეცდება დისტანციის შემცირებას, მაგრამ ბრიტანელი მებრძოლის პირისპირ ეს არც ისე მარტივი იქნება: "უსიკი გადმოხტება წინ ჯებით, მე კი მას ხელს დავახვედრებ. სად უნდა წავიდეს?
მაქვს უპირატესობა გაბარიტებში და სანამ მე თვითონ არ მივუახლოვდები ოლექსანდრს, ის ჩემამდე ვერ მოვა", - აცხადებს ტაისონი, თუმცა ყველაფერი რომ ასე მარტივად იყოს, იგივე "ეიჯეი" უკრაინელ მებრძოლს უპრობლემოდ მოუგებდა. იმ ბრძოლაში არავინ ხტებოდა ჯებით წინ, ყველაფერი სწორმა და გაშლილმა დარტყმებმა გადაწყვიტა.

"კატა" ამას გააზრებულად და ცივი გონებით აკეთებდა. ის ცაციაა და ბევრისთვის მის სუსტ წერტილად რჩება მოწინააღმდეგის მარჯვენა ხელი, თუმცა ამის მიუხედავადაც კი, მისი თავი მეტოქისთვის მიუწვდომელი რჩება. 37 წლის მებრძოლის კიდევ ერთი სუსტი წერტილი კორპუსია და ეს ჯოშუასთან ჩხუბში კარგად გამოჩნდა.
საუბარია მათი მეორე ბრძოლის მერვე და მეცხრე რაუნდებზე, რომელშიც ბრიტანელი მოკრივე უსიკს ძალიან მარტივად აყენებდა ზიანს კორპუსის არეში. უკრაინელი მებრძოლი ამ დროს ძალიან შენელებულია, სისწრაფე კი მისი სტილის უმთავრესი ნაწილია. "ბოშათა მეფეს" შეუძლია უბრალოდ დალოდება და მარჯვენა აპერკოტის დახვედრა, როგორც ეს ოტო უალინთან იყო.

ფიური - გამძლეობა და გადაწყობის უნარი, რომლის წინააღმდეგ იარაღი მაინც არსებობს
კიდევ რას უნდა ველოდოთ 35 წლის მოკრივესგან? - მართალია, ყველაფერს! შეგვიძლია პარალელი გავავლოთ სტივ კანინგემის წინააღმდეგ ბრძოლასთან, როდესაც ფიურიმ მეტოქის მარჯვენა ოვერჰენდს რთულად გაუძლო. ამერიკელი მებრძოლი მასზე სწრაფი და მანევრირებადი იყო, მაგრამ ჩემპიონმა დროულად გადაწყობა შეძლო.
ბრიტანელმა მოკრივემ "საზღვაო ქვეითი" უბრალოდ დაღალა, შემდეგ კი ნოკაუტში გაუშვა. მან მოწინააღმდეგის სისწრაფესა და ტექნიკას თავისი ფიზიკური სიძლიერე და გამძლეობა დაუპირისპირა. კანინგემს აღარ ჰქონდა ტექნიკის დემონსტრირების საშუალება და სივრცე, რადგან ყველა მხრიდან ტაისონის დარტყმების მოგერიება უწევდა.
დავივიწყოთ ყველაფერი ცუდი, რაც "ბოშათა მეფის" გარშემო ტრიალებდა. დეპრესია, ჭარბწონიანობა და აკრძალულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება - წარსულშია, ის კვლავ სამაგალითო პანჩერია, ისეთი, როგორიც "ვერცხლისფერ ბომბადმშენთან" ბრძოლის წინ იყო. მართალია, ოლექსანდრის დაგდება 35 წლის მებრძოლისთვის უფრო რთული იქნება.

ფიურიმ ეს კარგად იცის, ის ეცდება "კატის" დაღლასა და გაბარიტების ხარჯზე უპირატესობის მოპოვებას. მისი პრიორიტეტი დაქანცული მოწინააღმდეგის დანოკაუტება იქნება. ბრიტანელი მოკრივესთვის ბრძოლის მიყვანა მსაჯთა გადაწყვეტილებამდე სარისკოა, რადგან სტატისტიკა ყოველთვის 37 წლის ჩემპიონის მხარეს არის.
უსიკის დარტყმების რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი ყოველთვის მაღალია. ამის გარდა, ის არც ფინალურ რაუნდებში ჩერდება. ციფრები - უკრაინელი მოკრივე საშუალოდ ერთ ბრძოლაში ახორციელებს ტაისონზე დაახლოებით 31%-ით მეტ დარტყმას, ფინალურ რაუნდებში კი თითქმის 2-ჯერ უფრო მეტს.

და მაინც...ვინ დაისაკუთრებს ოთხივე ქამარს?
ექსპერტები ფავორიტად "ბოშათა მეფეს" ასახელებენ. თავის არჩევანს იმით ხსნიან, რომ მას გამარჯვების მოსაპოვებლად რამდენიმე ვარიანტი აქვს, მაშინ, როდესაც მის მეტოქეს მხოლოდ ერთი ტაქტიკა აქვს. ამის საპირისპიროდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოლექსანდრი იმ ერთადერთ ხერხს ჯერჯერობით არასდროს დაუღალატებია.
საფიქრებელია, რომ გადამწყვეტ როლს სწორედ ბოლო დეტალი ითამაშებს. დიახ, "კატას" აქვს ერთი და ყველასთვის ნაცნობი მეთოდი, თუმცა ეს მეთოდი არის სრულყოფილი და ლეტალური - აბსოლუტში აყვანილი მოხერხებულობა, აბსოლუტური ჩემპიონობისთვის. 37 წლის მებრძოლი არ გადაუხვევს არჩეულ მარშრუტს, ის ბოლომდე მივა.
ორივე მოკრივე გამოავლენს თავის საუკეთესო თვისებებს, თუმცა უსიკი საბოლოო წერტილს დასვამს იქამდე, სანამ 35 წლის მებრძოლი გადაწყობას შეძლებს. არ გამოვრიცხავთ საპირისპირო სცენარსაც, რომელშიც ლეტალური იარაღი იქნება ფიურის ხელში - ის გაუძლებს და დაღლის მეტოქეს, როგორც ეს იყო კანინგემთან, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი დეტალი: ბრიტანელ ჩემპიონს უკრაინელის მსგავსი "დაუღალავი" მეტოქე ჯერ არ ჰყოლია.










