ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ფარგლებში ბაიერნ მიუნხენი პარის სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება. ქართველი გულშემატკივრებისთვის ორმაგად საინტერესოა მანუელ ნოიერისა და ხვიჩა კვარაცხელიას დუელი. შეძლებს თუ არა ახალგაზრდა ვინგერი ლეგენდარული გოლკიპერის კარის აღებას?
ისტორიაში გვხვდება ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი ამ მიღწევით - ჯაბა კანკავა. ეს მოხდა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის შეხვედრაში, რომელშიც გერმანიამ საქართველოს 2:1 მოუგო. ტომას მიულერის გოლს უპასუხა სწორედ რეიმსის ყოფილმა შუახაზელმა, საბოლოო წერტილი კი იმ თამაშში მაქს კრუზემ დასვა.
გერმანელ მეკარეს სხვადასხვა დროს ჰქონია დაპირისპირება ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილთან, თუმცა მის კარში გოლი მათ არ გაუტანიათ. ამის გარდა, გვახსოვს "რეკორდმაისტერის" კაპიტნისა და პსჟ-ს ვინგერის დუელი საკლუბო მუნდიალის ფინალში. მართალია, "ლურჯ-წითლებმა" ის შეხვედრა მოიგეს, მაგრამ ქართველი გარემარბის გატანილი ბურთის გარეშე.
ლუის ენრიკეს გუნდის შვიდიანმა 40 წლის მეკარეს ვერც ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის ფაზაში გაუტანა. შეგახსენებთ, რომ ის მატჩი ალიანც არენას მკვიდრებმა 2:1 მოიგეს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა 25 წლის ვინგერი ლეგენდარული 1 ნომრის კარის აღებას მე-3 ცდაზე და საქართველოს ეროვნული გუნდის ექს-კაპიტნის მიღწევის გამეორებას.









