მიმდინარე ესპანეთის სუპერ თასს ესწრება რიო ფერდინანდი, რომელსაც მადრიდის რეალისა და ბარსელონას ვარსკვლავებს შორის საუკეთესოს დასახელება თხოვეს. ინგლისელმა ყოფილმა უკანახაზელმა გამოარჩია კილიან მბაპე, რომელიც რობერტ ლევანდოვსკიზე, რაფინია ბელოლიზე, ვინისიუს ჟუნიორზე, ჯუდ ბელინგემსა და ლამინ იამალზე წინ დააყენა.
"სამეფო კლუბის" ამჟამინდელ ლიდერს მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა ამჯობინა ქარიმ ბენზემა, რომელიც მის სიაში ლუის სუარესზე წინაც აღმოჩნდა. ფრანგმა ფორვარდმა წააგო ლეო მესისთან, ბოლოს კი შედგა მისი ტრადიციული დაპირისპირება კრიშტიანუ რონალდუსთან.
აღსანიშნავია ის, რომ "წითელი ეშმაკების" ყოფილ ხუთიანს გაუჭირდა არგენტინელ და პორტუგალიელ შემტევებს შორის ამორჩევა, რის შედეგადაც მან ორაზროვანი პასუხი გასცა. ამის მიუხედავად, 47 წლის ექს-უკანახაზელის კომენტარში მცირე უპირატესობა მაინც ალ ნასრის კაპიტნის მხარეს იგრძნობოდა.
"რომელს ავირჩევ მათ შორის? გუნდს გააჩნია - ბარსელონასთვის მესის, რეალისთვის კი რონალდუს. თუ ვსაუბრობთ ერთ კონკრეტულ შეხვედრაზე, კრიშტიანუს დავასახელებ."









