დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩი გამართა. ბორჯღალოსნებმა ბათუმში აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლეს და 43-30 გაიმარჯვეს.
მატჩის შესახებ, საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა ისაუბრეს:
ბექა გორგაძე:"გუნდის მიზანი გამარჯვება იყო და კარგია, რომ შევძელით. ამერიკამ მომენტუმი დაიჭირა და ამ დროს მათ სასარგებლოდ დასრულდა და საბოლოოდ, შევძელით გამოსწორება, საჭირო რეაგირება მოვახდინეთ. საბოლოოდ ითვლება ტაბლოზე რა წერია მატჩის დასრულების შემდეგ და მოხარულები ვართ, რომ გავიმარჯვეთ, კანადასთან მატჩისთვის კიდევ უფრო გავძლიერდებით.
გულშემატკივრები ყოველთვის გვჭირდებიან, თან იაპონიასთან, 2026 წლიდან სამწუხაროდ, ისეთი დიდი თამაშების შესაძლებლობა, როგორიც იაპონიასთანაა საქართველოში აღარ გვექნება და ეს შესაძლებლობა ყველამ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი მაქსიმუმი ვუჩვენოთ და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება. მინდა მივმართო გულშემატკივრებს მოვიდნენ სტადიონზე.
მიხეილ ბაბუნაშვილი:"ნოემბრის პირველი მატჩი იყო, ამერიკა ფიზიკური გუნდია, შეცდომები იყო, სამი თვეა არ შევკრებილვართ, ერთი კვირა გვქონდა, რა თქმა უნდა, იყო პატარ-პატარა გაუთვალისწინებელი მომენტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ შემდეგი კვირისთვის გუნდი უფრო შეიკვრება და დაგეგმილ შედეგს მივაღწევთ კანადასა და იაპონიასთან."
თორნიკე კახოიძე: პირველი მატჩი რთულია ხოლმე, პირველი ტაიმის შემდეგ შევძელით შეცდომების პოვნა, მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო უფრო დინამიკური და უფრო სისტემური.
რა თქმა უნდა, ნოემბრის ტესტ-მატჩები ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრებისთვის, ეს არის მსოფლიო თასის მოსამზადებელი ეტაპი და ჩვენი მიზანია ყოველ თამაშში გავიზარდოთ. შემდეგი მატჩები კანადასთან და იაპონიასთან გველის და მნიშვნელოვანია გულშემატკივრის მხარდაჭერა, რადგან გამარჯვება შესაძლებლობას გვაძლევს მსოფლიო თასზე უკეთეს ჯგუფში მოვხვდეთ და ჯგუფური ეტაპის დაძლევა შევძლოთ."
ბორჯღალოსნები მორიგ ტესტ-მატჩს ბათუმში 15 ნოემბერს კანადის ნაკრებთან გამართავენ, 22 ნოემბერს კი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ იაპონიასთან ითამაშებენ. შეხვედრები 16:00 საათზე დაიწყება. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია სამივე მატჩის მოგება, რადგან ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციაზე მყოფმა საქართველომ 2 მოწინავე გუნდს შორის ადგილი შეინარჩუნოს, რაც მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის წინ, ბორჯღალოსნებს უკეთესი კალათის გარანტიას მისცემს.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი









