"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივარს საშუალებას აძლევს 18, 22 და 26 ივნისს საქართველოს ნაკრების მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნიდან უყუროს.
საჯარო ჩვენება თბილისის მერიის ხელშეწყობითა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გენერალური სპონსორის, კრისტაბლეთის ორგანიზებით იმართება.
მაყურებელს, პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა, მინდორზე ყველა კუთხეში დამონტაჟებული ეკრანების საშუალებით შეეძლებათ. ეროვნული გუნდის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.
მოდი მეგობრებთან ერთად და ჩაერთე კოკა კოლას და საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში.
სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ახალი ოფიციალური მაღაზია, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ.
ერთად ვუქომაგოთ ჩვენ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე!" - აღნიშნულია სფფ-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრა კი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გაიმართება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია









