ინგლისი V სლოვენია (23:00 საათი)
ჯგუფის ფავორიტი, ინგლისის ეროვნული ნაკრები სლოვენიას შეხვდება — მატჩი კიოლნში, "რეინ ენერჯი შტადიონზე" გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
გასულ ორ ტურში ინგლისმა სერბეთი დაამარცხა, ხოლო დანიასთან ფრეს დასჯერდა და საუთგეიტის გუნდი 4 ქულით ჯგუფს ლიდერობს. სლოვენიამ ორივე მატჩი ფრედ ითამაშა და დანიასთან ერთად 2-3 ადგილს იყოფს.
ურთიერთდაპირისპირებაში ინგლისს დიდი უპირატესობა აქვს — ნაკრებები ერთმანეთს სულ 6-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 5 მატჩი სწორედ ინგლისმა მოიგო, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. დღევანდელი მატჩის წინ ინგლისს 1/8-ფინალური ეტაპის საგზური გარანტირებული აქვს, ხოლო სლოვენია ფრის შემთხვევაშიც გავა პლეიოფში.
დანია V სერბეთი (23:00 საათი)
დაძაბული მატჩის მოლოდინია მიუნხენში, სადაც ალიანს არენაზე დანია და სერბეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს — ბოლო ტურის წინ, ორივე გუნდი ინარჩუნებს 1/8 ფინალში გასვლის შანსს.
გასულ ორ ტურში ვერცერთმა ნაკრებმა ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. დანიამ ორივე მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო სერბეთი ინგლისის ნაკრებთან დამარცხდა და სლოვენიასთან ფრეს დასჯერდა.
დანია და სერბეთი ერთმანეთს ისტორიაში მხოლოდ სამჯერ შეხვდნენ, საიდანაც სამივე მატჩის მოგება სკანდინავიელებმა მოახერხეს — ბოლოს დანიამ სერბეთი 2022 წელს ამხანაგურ მატჩში 3:0 დაამარცხა. დღევანდელ შეხვედრაში თუ ფრე დაფიქსირდა, დანია 1/8 ფინალში გავა. ხოლო სერბეთს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.










