საფრანგეთი V პოლონეთი (20:00 საათი)
დორტმუნდში, სიგნალ იდუნა პარკზე საფრანგეთისა და პოლონეთის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან — დე შამის გუნდი პირველი ადგილისთვის იბრძვის, ხოლო პოლონეთი უმოტივაციოდ არის დარჩენილი და გამარჯვების შემთხვევაშიც კი ჯგუფში ბოლო ადგილზე გავა.
საფრანგეთმა გასულ ორ ტურში 4 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს, ნიდერლანდებს, მხოლოდ გატანილი ბურთების უპირატესობით ჩამორჩება. პოლონეთის ნაკრებს კი 0 ქულა აქვს და ევრო 2024-ზე ასპარეზობას დღეს დაასრულებს.
გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში შეხვდნენ, სადაც საფრანგეთმა მეტოქე 3:1 დაამარცხა — ფრანგების რიგებიდან დუბლი მბაპემ გაიფორმა, ხოლო ერთი გოლი ჟირუმ გაიტანა. პოლონეთიდან კი თავი ლევანდოვსკიმ გამოიჩინა.
ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში საფრანგეთს აქვს უპირატესობა — 3 მოგება და 2 ფრე. პოლონეთის ნაკრებმა საფრანგეთი უკანასკნელად შორეულ 1982 წელს დაამარცხა.
სავარაუდო შემადგენლობა:
ნიდერლანდები V ავსტრია (20:00 საათი)
D ჯგუფის მეორე მატჩი ბერლინში, ოლიმპიაშტადიონზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს ნიდერლანდებისა და ავსტრიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
გასულ ორ ტურში ნიდერლანდებმა 1 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 4 ქულით ჯგუფს ლიდერობს. ავსტრია კი 3 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და დღევანდელი მატჩის წინ პირველი ადგილის შანსს ინარჩუნებს.
აღსანიშნავია, რომ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებაში ნიდერლანდებმა ექვსივეს მოგება მოახერხა, ხოლო ავსტრიამ მეტოქე ბოლოს 1984 წელს დაამარცხა.
სავარაუდო შემადგენლობა:











