გაკვირვებულმა პორტუგალიელმა, თურქმა და ჩეხმა ფეხბურთელებმა ერთმანეთს გადახედეს და სიტუაციაში გარკვევა სცადეს. მხოლოდ ქართველი გარემარბი დგას აუღელვებლად. ის და მისი ქვეყანა ამ შანსს 30 წელზე მეტხანს ელოდნენ. ის ეიფორიაში არც თავისი კუმირის დანახვის შემდეგ ვარდება. ნაპოლის ვინგერის თვალები მიმართულია ევროპის ჩემპიონატის თასისკენ, დანარჩენებმა კი ჯერაც ვერ გაარკვიეს, თუ რას ელოდონ მოულოდნელი სტუმრისგან.

რონალდუ: ვინ არის ის? გვარსაც ვერ ვკითხულობ...
შიკი: მის შესახებ ბევრი მსმენია, შარშან ნაპოლის მოაგებინა სკუდეტო, წელს კი ერთა ლიგის ფინალში მისმა ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა.
ჩალჰანოღლუ: მის წინააღმდეგ ნათამაშები მაქვს, ჩვენი ქვეყნები კი გვერდიგვერდ არიან. დამიჯერეთ, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ...
დიახ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა, პირველად თავის ისტორიაში. 1990 წლიდან გუშინდელ დღემდე, კონტინენტის პირველობა ყოველთვის რჩებოდა ტურნირად, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის ადგილს სხვები იკავებდნენ. იყო დრო, როდესაც ევრომდე ძალიან შორი გზა იყო, გვახსოვს ისეთი დროც, როცა ერთი ნაბიჯი გვაშორებდა.

ამ ყველაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩამჯდარი "შავი ლაქაც" ჩამოირეცხა. რაც შეეხება უშუალოდ განრიგს, როგორც აღვნიშნეთ, "ჯვაროსნების" მეტოქეები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალია, ჩეხეთი და თურქეთი იქნებიან. არ ღირს სტატისტიკაზე კონცენტრირება, საბერძნეთთან მატჩმა აჩვენა, რომ ციფრები მეორეხარისხოვანია.
პირველი შეხვედრა - 11 ივნისი, თეთრ-წითელში შემოსილი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტები სიგნალ იდუნა პარკზე თურქეთს შეხვდებიან. საინტერესო იქნება დორტმუნდის ბორუსიას საოცარი ატმოსფეროს მქონე არენის ხილვა ქართული კოლორიტით.
მე-2 ტური: 22 ივნისი, მატჩი ჩეხეთთან, ვოლქსპარკშტადიონზე.

ერთა ლიგის ფინალის წინ, ჰამბურგი გამოეხმაურა კიდეც იმ ფაქტს, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ, შესაძლოა, აღნიშნულ სტადიონზე კიდევ ერთხელ ითამაშოს, ასეც მოხდება.
მე-3 ტური: 26 ივნისი, პორტუგალია, გელზენკირხენში. დიახ, კვარა თავის კუმირს შეხვდება, მოედანზე ასევე იქნება მოთამაშე, რომელსაც კალჩოში მას ყველაზე ხშირად ადარებენ. ვგულისხმობთ რაფაელ ლეაოს. ჩვენთვის შალკეს სტადიონი ყოველთვის განსაკუთრებული, თითქოს "შინაური" გარემო იყო. ამ სტადიონზე ვიხილეთ პირველი და, ჯერჯერობით ბოლო, ქართული ჰეთ-ტრიკი ჩემპიონთა ლიგაზე (ლევან კობიაშვილი, პსვ ეინდჰოვენთან). ამ არენაზე ევროპულ ფეხბურთში დამკვიდრებას ლევან ყენიაც ცდილობდა...

რა იქნება შემდეგ? - ვნახოთ, დრო გვიჩენებს. ახლა არ ღირს ჩვენი ნაკრების შანსებზე საუბარი, უბრალოდ ვთქვათ, რომ ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია, რატომაც არა?! უხერხული მეტოქეების დამარცხების გამოცდილება უკვე გვაქვს, თანაც "ჯვაროსნები" ევროპული ფეხბურთისთვის უცხო და ამოუცნობი მოვლენაა, რომლის წინააღმდეგ იარაღის შემუშავებაზე ჯერ არავის უფიქრია.












