საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე მესამე მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი ლიმასოლში საბერძნეთს დაუპირისპირდა. ქართველებმა 53:94წააგეს და საბერძნეთმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი სენსაციური გამარჯვებით დაიწყო, ესპანეთს 83:69 მოუგო. ხმაურიანი სტარტის შემდეგ, ჩვენი გუნდი იტალიას დაუპირისპირდა, 78:62 წააგო.
მატჩში მონაწილეობა არ მიუღია გოგა ბითაძეს, თორნიკე შენგელია კი ლიმიტირებული წუთებით (3:53) ასპარეზობდა. საბერძნეთთან თამაშში ჩაერთვნენ,გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია.
საბერძნეთთან მატჩის პირველი მეოთხედი ქულა-ქულაში დაიწყო. მალევე ბერძნებმა უპირატესობა მოიპოვეს და 13:22. ბერძნების დომინირება მეორე მეოთხედში გაგრძელდა და პირველი ტაიმი 29:46 დასრულდა. მეორე ტაიმში მეტოქემ სრულად წარმართა თამაში და საქართველომ დიდი სხვაობით 53:94 წააგო.
ბერძენთა ლიდერის იანის ანტეტოკუნმპოს შეჩერება მარტივი რომ არ არის ყველამ კარგად იცის, მილუოკი ბაქსის ლიდერი ამ შემთხვევაშიც შეუჩერებელი აღმოჩნდა. იანისმა მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა დააგროვა.
ქართველთაგან ყველაზე მეტი 14 ქულა სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზეა, 11-11 ქულა დუდა სანაძემ და გიორგი შერმადინმა მიითვალეს, 8 ქულა კორსანტიამ დააგროვა.
დღეს C ჯგუფის კიდევ 2 მატჩი გამართება, ესპანეთი - კვიპროსი 19:15 საათზე დაიწყება, ბოსნია და ჰერცეგოვინა - იტალია 22:30 საათზეა ჩანიშნული.
ჯგუფიდან 4 საუკეთსო გადის, საქართველოს ნაკრებს კვიპროსთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან აქვს სათამაშო და ჯგუფური ეტაპის დაძლვა შეუძლია, ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში შესაძლოა მესამე ადგილიც დაიკავოს.
ევრობასკეტი 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში ტარდება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით ასპარეზობს და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრების ოფიციალური შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:
რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი, თბილისის დროით:
საქართველო – კვიპროსი - 2 სექტემბერი, 19:15 საათი
საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა - 4 სექტემბერი, 16:00 საათი









