ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პირველი სპარინგ მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი ისრაელის ნაკრებს ეთამაშა. შეხვედრა დახურული, ვარჯიშის ტიპის ფორმატში ჩატარდა.
მატჩი ისრაელის ნაკრების გამარჯვებით – 76:66 დასრულდა.ჩვენმა გუნდმა 2 წამყვანი კალათბურთელის გარეშე ითამაშა. საქართველოს ნაკრებთან ჯერ არ იმყოფება სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც ამერიკაშია და თავის ახალი კლუბის, ტორონტო რეპტპრსის საზაფხულო კემპში კლუბის ახალბედებთან ერთად იღებს მონაწილეობას. შეკრებაზეა, ვარჯიშობს და პრევენციის მიზნით ისრაელთან არ ითამაშა კამარ ბოლდუინმა, რომელსაც ტრავმის მორჩენის შემდეგ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი დეტალური სამედიცინო გამოკვლევა არ ჩაუტარებია. ის ნაკრებთან შეკრების პირველივე დღიდანაა და ვარჯიში არ გამოუტოვებია, თუმცა მოედანზე ექიმების რეკომენდაციის შემდეგ გავა.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპის ფარგლებში კიდევ 5 მატჩს გამართავს:
ესტონეთი VS საქართველო - 7 აგვისტო
ლიეტუა VS საქართველო - 10 აგვისტო
პოლონეთი VS საქართველო - 14 აგვისტო
ჩეხეთი VS საქართველო - 19 აგვისტო
ჩეხეთი VS საქართველო - 21 აგვისტო
ევრობასკეტ 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში გაიმართება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით შეიკრიბება და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრები კვიპროსში, მასპინძელ ნაკრებთან, იტალიასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ერთად იასპარეზებს.









