დღის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა, როტერდამში ვნახეთ, სადაც ადგილობრივი ფეინოორდი რომას მასპინძლობდა. შეხვედრის პირველ ტაიმში ჩვენ ვნახეთ სრულიად თანაბარი ბრძოლა, სადაც გუნდებს თითქმის ერთნაირი სტატისტიკა ჰქონდათ, თუმცა ტაიმის ბოლოს, კერძოდ შეხვედრის 46-ე წუთზე, იგორ პაიშაომ მასპინძლების წინ გაყვანა შეძლო. მეორე ტაიმი დე როსის გუნდმა უფრო აქტიურად დაიწყო, რასაც 67-ე წუთზე ლუკაკუს გამათანაბრებელი გოლიც მოჰყვა. მატჩის ბოლომდე მეტი გატანილი გოლი აღარ გვინახავს, შესაბამისად, ამ წყვილს შორის ყველაფერი რომში, სტადიო ოლიმიკოზე, გაირკვევა.
კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გაიმართა სტამბულში, სადაც გალათასარაი სპარტა პრაღას დაუპირისპირდა. მასპინძლებმა წინ გასვლა მალევე მოახერხეს, როცა იკარდის ცენტრში გაკეთებული პასით, დემირბაიმ კარგი დრიბლინდი წამოიწყო, რაც ძლიერი დარტყმით დაასრულა და ანგარიში გაიხსნა - 1:0. მეორე ტაიმი სტუმარმა გუნდმა კარგად დაიწყო და 47-ე წუთზე ანგარიშიც გათანაბრდა, თავი პრესიადომ გამოიჩინა. ამის შემდეგ გუნდებმა შედარებით მეტი სივრცე გახსნეს, რასაც უამრავი საინტერესო მომენტი მოჰყვა. ჯერ ბურუქის გუნდი გავიდა წინ, როცა მერტენსი-იკარდის აქტიურობას კრეჟჩის ავტოგოლი მოჰყვა, შემდეგ, ზუსტად 1 წუთში, გალათასარაის მცველი ნელსონი, მოედნიდან გააძევეს, აქედან 4 წუთში კი ანგარიში სტუმრებმა ისევ გაათანაბრეს, გოლის გატანა კუჩტამ მოახერხა. ეს იყო 5-წუთიანი სიგიჟე, მატჩის საუკეთესო ნაწილი, თუმცა გუნდები აქ არ გაჩერებულან, შეხვედრის 81-ე წუთზე, მეორე წითელი ბარათიც ვიხილეთ, თუმცა ამ შემთხვევაში სპარტას ფეხბურთელი გააძევეს - რინესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. მატჩი თითქოს ასე უნდა დასრულებულიყო და მეტი სიგიჟე აღარ უნდა მომხდარიყო, თუმცა შეხვედრის 91-ე წუთზე, მაურო იკარდიმ გალათასარაი კიდევ ერთხელ წინ გაიყვანა. ეს იყო ევროპა ლიგის ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი.

ადრეული სესიიდან, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შახტარი - მარსელის შეხვედრა იყო, რომელიც ფრედ დასრულდა, 2:2. ლეგიონერებიდან ძირითად შემადგენლობაში, ირაკლი აზაროვმა დაიწყო, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა. მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი გამოვიდა, პირველ 45 წუთში მხოლოდ კარში 1 დარტყმა ვიხილეთ. მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი გამოვიდა. მატჩის 64-ე წუთზე, მარსელის ლიდერმა, ობამეიანგმა საკუთარი გუნდის წინ გაყვანა შეძლო, თუმცა ეს სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა, მასპინძლებმა საპასუხო გოლის გატანა მალევე მოახერხეს: შეხვედრის 68-ე წუთზე, მატვიენკომ ანგარიში გაათანაბრა, 1:1. შეხვედრის 77-ე წუთზე, მოედანზე მეორე ქართველიც შევიდა, გიორგი გოჩოლეიშვილმა კონოპლია შეცვალა. შეხვედრის მიწურულს გატუზოს გუნდმა უკეთ შეუტია და წინ გასვლაც მოახერხეს. ნდიაემ ფრანგები წინ 90-ე წუთზე გაიყვანა, თუმცა ეს მატჩის ბოლო მომენტი არ იყო, 93-ე დამატებულ წუთზე, შახტარმა წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა - ეგინალდომ ზუბკოვის გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

და ადრეული სესიების ბოლო მატჩი, იანგ ბოიზი - სპორტინგი, სადაც პორტუგალიელებმა მომდევნო ეტაპზე გასვლა თითქმის გაინაღდეს. ამორინის გუნდმა 1:3 იმარჯვა და განმეორებითი შეხვედრის წინ, კომფორტული მდგომარეობა შეიქმნა. მორიგი გოლი გაიტანა ვიქტორ გიოკერესმა, რომელიც ამ სეზონზე სასწაულ ფორმაშია - შვედი ფორვარდის ანგარიშზე, ამ სეზონზე უკვე 28 გატანილი გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

წინ კიდევ 4 მატჩი გველოდება: მილანი-რენი, ბენფიკა-ტულუზა, ბრაგა-ყარაბახი და ლანსი-ფრაიბურგი. მატჩები თბილისის დროით, 00:00 საათზე დაიწყება.









