ბენფიკა 2:2 რეინჯერსი: უხვგოლიანი მატჩი გამოდგა ლისაბონში, სადაც ბენფიკამ რეინჯერსს უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა. ანგარიში სტუმრებმა მე-7 წუთზე გახსნეს - თავი ლოურენსმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ მე-2 წუთზე დი მარიამ გაათანაბრა, ხოლო ზუსტად 3 წუთში სტერლინგმა რეინჯერსი კვლავ წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის შუაში, 67-ე წუთზე, შოტლანდიური კლუბის მცველმა, გოლდსანმა ავტოგოლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა.
მარსელი 4:0 ვილიარეალი: ფრანგულ-ესპანურ დაპირისპირებაში მარსელმა ვილიარეალი მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა. მასპინძელთა ნახევარმცველმა, ვერეტუმ ანგარიში 23-ე წუთზე გახსნა, რასაც 5 წუთში მოსკერას ავტოგოლი მოჰყვა, ხოლო 42-ე წუთზე გოლი ობამეიანგმა გაიტანა და მარსელმა პირველი ტაიმი 3-ბურთიანი უპირატესობით მოიგო. 59-ე წუთზე კი ობამეიანგმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 4:0 დააფიქსირა.
ფრაიბურგი 1:0 ვესტ ჰემი: დაძაბული შეხვედრა გამოდგა გერმანიაში, სადაც ფრაიბურგმა ვესტ ჰემი მატჩის მიწურულს, გრეგორიჩის მიერ გატანილი გოლით, დაამარცხა. განმეორებითი მატჩი ზუსტად 1 კვირაში, ლონდონში გაიმართება, სადაც 1/4 ფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობა გაირკვევა.











