ლივერპული-ატალანტა, მატჩი სადაც გამოკვეთილი ფავორიტი კლოპის გუნდი იყო, თუმცა ენფილდზე შეკრებილმა მაყურებელმა იტალიელების სრული დომინაცია იხილა. გასპერინის გუნდმა უდიდესი სენსაცია შემოგვთავაზა და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საკუთარ მოედანზე გაანადგურა.
იტალიელთა მხრიდან საუკეთესო ჯანლუკა სკამაკა იყო, რომელმაც მერსისაიდულ გუნდს დუბლი შეუსრულა. ერთი ბურთიც ხორვატმა მარიო პაშალიჩმა გაიტანა. საბოლოო ჯამში 0-3 და ბერგამოელები ცალი ფეხით მომდევნო ეტაპზე არიან.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, სან სიროზე შეკრებილმა მაყურებელმა მილანის უსახური თამაში იხილა, მეორეს მხრივ კი დე როსის გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მატჩის ერთადერთი გოლი ჯანლუკა მანჩინიმ გაიტანა, რომელმაც კუთხურიდან გათამაშების დროს მეორე სართულზე ყველას აჯობა.

პიოლის გუნდმა ამ გოლის შემდეგ მეტოქეს მხოლოდ ერთი 100%-იანი მომენტი შეუქმნა, ჩუკვუეზეს აქტიურობის შემდეგ ჟირუს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა ფრანგის დარტყმული ხარიხას მოხვდა. რომაელები სახლში დამსახურებული გამარჯვებით და ერთბურთიანი უპირატესობით ბრუნდებიან.









