რომა-ბრაიტონი 4:0 - აღნიშნული შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევდა პირველ რიგში, სერია ა-სა და პრემიერ ლიგის წარმომადგენლების დაპირისპირების გამო, ვიხილეთ დანიელე დე როსისა და რობერტო დე ძერბის დუელი. როგორც ვხედავთ, გამარჯვება "ჯალოროსის" დამრიგებელმა მოიპოვა, რომელმაც თავისი მეგობარი ყველა კომპონენტში დაჯაბნა.
ალბიონის კარები მიყოლებით აიღეს პაულო დიბალამ, რომელუ ლუკაკუმ, ჯანლუკა მანჩინიმ და ბრაიან კრისტანტემ. "მგლებმა" მეოთხედფინალში გასვლისთვის უდიდესი ნაბიჯი გადადგეს წინ. აქვე დავამატებთ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც "თოლიები" იტალიურ კლუბს დაუპირისპირდნენ.
სპარტა-ლივერპული 1:5 - მერსისაიდელები ისედაც ითვლებოდნენ გამოკვეთილ ფავორიტებად და მათ ეს სტატუსი პირველივე შეხვედრაში განამტკიცეს. დარვინ ნუნიესის დუბლს, დამატებული ალექსის მაკ ალისტერის, ლუის დიასისა და დომინიკ სობოსლაის გოლები, "წითლები" შინ სერიოზული უპირატესობით ბრუნდებიან.
ყარაბაღი-ლევერკუზენი 2:2 - აზერბაიჯანში სენსაცია მწიფდებოდა - ბაიერი მიმდინარე სეზონში პირველ მარცხთან ძალიან ახლოს იყო. 70-ე წუთამდე, "ფარმაცევტები" აგებდნენ 0:2-ს, მაგრამ შემდეგ, გერმანიის ჩემპიონატის ლიდერმა მატჩის გადარჩენა მაინც შეძლო. სხვაობა შეამცირა ფლორიან ვირტცმა, პატრიკ შიკმა კი დამატებით წუთზე მეორე ბურთი გაიტანა.











