რომა V ბილბაო
დღევანდელი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება. სერია ა-ში უმძიმესი სტარტის შემდეგ, რომამ დანიელე დე როსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვა. იტალიელი დამრიგებლის ნაცვლად "ჯალოროსიმ" დანიშნა ივან იურიჩი, რომელთან ერთადაც კალჩოში პირველი მოგებაც მოიპოვა. ვნახოთ, რა იქნება ევროსარბიელზე.
ბილბაოს შესახებ იმის თქმა შეგვიძლია, რომ გუნდმა ნიკო უილიამსის შენარჩუნება მოახერხა. მის გადაბირებას მთელი ზაფხულის განმავლობაში ბარსელონა ცდილობდა. ესპანელმა ვინგერმა კატალონიას მშობლიური ატლეტიკი არჩია. თავად შემტევის თქმით, მხოლოდ 1 წლით. საინტერესოა, რამდენად სიმართლე აღმოჩნდება ეს.
ლიონი V ოლიმპიაკოსი
ლიგა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური გუნდი კონფერენს ლიგის მოქმედი გამარჯვებულის წინააღმდეგ. ლიონის სტარტი საკმაოდ მძიმე იყო და ხუთი ტურის შემდეგ, ეს გუნდი მე-14 პოზიციაზე არის. ოლიმპიკის შემადგენლობაში თამაშობს მიქაუტაძე, მაგრამ ევრო 2024-ის თანაბომბარდირს თავისი გოლი ჯერ არ გაუტანია.
ქართველი თავდამსხმელი უკანასკნელ შეხვედრებს სათადარიგოთა სკამიდან იწყებს, თუმცა დღეს, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ პირეოსელების წინააღმდეგ ის ძირითადში იქნება. ჟორჟს უკვე აქვს ევროსარბიელზე თამაშის გამოცდილება, შარშან ამსტერდამის აიაქსიდან. დღევანდელი მატჩების სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
20:45 - მალმიო-რეინჯერსი
20:45 - ფენერბაჰჩე-სენტ ჟილი
23:00 - რომა-ბილბაო
23:00 - ტოტენჰემი-ყარაბაღი
23:00 - ლიონი-ოლიმპიაკოსი
23:00 - აიაქსი-ბეშიქთაში
23:00 - აინტრახტი-პლზენი
23:00 - ბრაგა-მაკაბი
23:00 - სტიაუა-რიგასი











