რედ ბული (9): ახალი ბოლიდის ვიზუალი ყველასგან გამორჩეული იყო და პირველივე წრეებზეც გამოჩნდა, რომ წელსაც მთავარი ფავორიტი იქნება. ავსტრიულ გუნდს მესამე დღეს მცირე ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თუმცა, საერთო ჯამში, ტესტებზე ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა.
ფერარი (7,5): გამოჩნდა, რომ გასულ წელთან შედარებით, SF-24-ს უფრო კარგი სარბოლო ტემპი ექნება და რაც მთავარია, უფრო საიმედო იქნება. ორივე მრბოლელმა დაადასტურა, რომ ახალი ბოლიდი შედარებით სტაბილურია.
მაკლარენი (7): MCL38 კარგი პროექტია და ტესტებზე, დაახლოებით, მერსედესის დონის შედეგი აჩვენა. ბრიტანული გუნდი ლიდერებზე უკან არის, მაგრამ რაც მთავარია, ჩამორჩენა შემცირებულია.
რეისინგ ბულსი (7): ნათელია, რომ გუნდს რედ ბულის გასული სეზონის საჩემპიონო ბოლიდის, RB19-ის ანალოგი ჰყავს და ტესტებზეც კარგი შედეგები აჩვენა. ახლა გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონის განმავლობაში სტაბილური განვითარებაა.
მერსედესი (6,5): გერმანულ გუნდს უცნაური ტესტები ჰქონდა - მრბოლელებმა საწყის ეტაპზე დაბალი ტემპი აჩვენეს, მაგრამ ეტაპობრივად ტემპი დასტაბილურდა და ნათელი გახდა, რომ წინა წელთან შედარებით ბოლიდი გაუმჯობესებულია.
ალპინი (6,5): რთულია ფრანგული გუნდის ბოლიდის გაშიფვრა ტესტების მიხედვით. ერთი შეხედვით, შედარებით გაუმჯობესებულია ბალანსი და სტაბილურობა, მაგრამ გასულ სეზონთან შედარებით დიდი პროგრესი არ ჩანს.
ასტონ მარტინი (6): რთულია 3 დღის ტესტებით დავინახოთ გადაჭრა თუ არა გუნდმა ის პრობლემა, რომელიც გასული სეზონის შუაში შეექმნა. ერთი რამ ნათელია - ასტონ მარტინი სწრაფია, მაგრამ მთავარი კითხვა სტაბილურობას ეხება.
ზაუბერი (5): 3-დღიან ტესტებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლიდის პოტენციალი სრულად ვერ ვიხილეთ. მრობლელები კარგად ვერ გამოიყურებოდნენ და უნდა დაველოდოთ რას იზამენ სეზონის სტარტზე.
ჰაასი (5); ფერარის ძრავი ბოლიდს დიდ შესაძლებლობებს აძლევს, მაგრამ 3-დღიან ტესტებზეც გამოჩნდა, რომ წელსაც მთავარი პრობლემა აეროდინამიკაშია, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს.
უილიამსი (5): გუნდს ორი სახე აქვს, რადგან ბოლიდს ორი განსხვავებული გამოცდილების მქონე მრბოლელი მართავს - ალბონი შედარებით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე სერჯენტი. ტექნიკური პრობლემების გამო, მრბოლელებმა შედარებით ნაკლები წრე გაიარეს და რთულია წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებაზე საუბარი.
3-დღიანი ტესტებით კარგად გამოჩნდა, რომ მოქმედი ჩემპიონი, რედ ბული კვლავ საუკეთესოა და საკმაოდ კომფორტული უპირატესობა აქვს უახლოეს მდევართან. ფერარის აშკარა პროგრესი აქვს სტაბილურობის კუთხით, პირველივე რბოლაზე სარბოლო ტემპში უნდა გამოჩნდეს. მთავარ სიურპრიზებს კი რეისინგ ბულისგან ველოდებით, რომელმაც სარბოლო სიმულაციაში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა.
ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონზე რეკორდული, 24 გრან პრი გაიმართება, ხოლო პირველ რბოლას, 2 მარტს, ბაჰრეინი უმასპინძლებს.











