გუშინ, ერთა ლიგის გათამაშების წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები ბ3 ჯგუფში - უნგრეთის, ჩრდ.ირლანდიის და უკრაინის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
წილისყრის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაში ვნახეთ, რომ უკრაინა საკმაოდ რთული მეტოქეა. უნგრეთი ცოტა ხნის წინ A ლიგაში ასპარეზობდა, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში კარგი შედეგები ჰქონდა. ასე რომ, რთული მატჩები გველის.
ჩრდილოეთ ირლანდია კი ბრიტანული სტილის, მაღალი ინტენსივობით მოთამაშე გუნდია, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. თუმცა, ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენებაა.
საქართველოს ნაკრების განვითარების გასაგრძელებლად აუცილებელია მაღალ დონეზე თამაში. ამიტომ ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, სრული კონცენტრაციით და მოტივაციით უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები მოტივირებულები იქნებიან და იმედი მაქვს, ამას სექტემბერში წარმოაჩენენ“. - განაცხადა სანიოლმა.









