სექტემბერში საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს და თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ჩვენი ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელთა სია დაასახელა, რომლებიც ამ მატჩებში ეროვნულ ნაკრებს დაეხმარებიან.
სიაში არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხვდნენ.
საკვანძო ფეხბურთელები
გამოცდილი მცველი ლაშა დვალი უკვე წლებია ეროვნული ნაკრების საკვანძო ფეხბურთელია. ის დაცვის ხაზში სტაბილური თამაშით გამოირჩევამ თუმცა ამჯერად, სანიოლმა ის ნაკრებში არ გამოიძახა. რამდენიმე თვის განმავლობაში დვალი უგუნდოდ იყო, უთამაშებელია და სულ ახლახანს გადავიდა ცსკა სოფიაში, სადაც ჯერ არ უთამაშია. იგივეს თქმა შეიძლევა გიორგი გველესეიანზე, რომელიც სანიოლის განაცხადში ასევე უთამაშებლობის გამო ვერ მოხვდა.
ახალგაზრდა მცველი საბა საზონოვი ეროვნული ნაკრების განაცხადში რამდენჯერმე მოხვდა და მისი ნაკრებში ყოფნა ყოველთვის გვჭირდება, თუმცა საზონოვს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია და მისი საკლუბო მომავალიც გაურკვეველია. მათი ადგილი 21-ების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა საბა ხვადაგიანმა დაიკავა.
21-წლამდე ფეხბურთელები
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის წარმატებით ჩატარების შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ სანიოლი ახალგაზრდული ნაკრებიდან რამდენიმე მოთამაშეს იხმობდა. მან ნოდარ ლომინაძე და გიორგი აბუაშვილი გამოიძახა და თქვა, რომ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ახლოსაა ნაკრებში მოხვედრასთან და შესაძლოა, შემდეგ შეკრებაზე სხვა ფეხბურთელები ვიხილოთო.
ლუკა ხარატიშვილი, ლაშა ოდიშარია და გიორგი კვერნაძე ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც ნაკრებში უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. საოცრად ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ ახალგაზრდა მეკარის შემდეგი ნაბიჯი ეროვნული ნაკრები იქნებოდა, თუმცა ეს პროცესი ცოტახნით გადაიდო. ხარატიშვილი სარფიანი შემოთავაზებების მოლოდინში და ახალი კლუბის ძიებაშია. მას დინამო ბათუმთან კონტრაქტი აქვს, გუნდში ვარჯიშობს, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, გუნდს ეროვნული ლიგის მატჩების განაცხადშიც არ შეჰყავს და უთამაშებელია.
ლაშა ოდიშარიას რამდენიმე შემოთავაზება ჰქონდა, მათ შორის ესპანეთიდანაც, თუმცა ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ კვლავ რიგასში ითამაშებს, ოდიშარია ტრავმირებულია და წინა შეხვედრები გამოტოვა.
როგორც ჩანს, ვილი სანიოლი კვერნაძეს აქტიურად აკვირდება და გუშინდელ პრესკონფერენციაზე მისი სახელი რამდენჯერმე ახსენა. ფროსინონეს თავდამსხმელს ფიზიკურად და ტექნიკურად მომატებული აქვს და ეს ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა. კვერნაძის ეროვნულ ნაკრებში ხილვა უბრალოდ დროის საკითხია.
ლევან შენგელიას გარეშე
ვილი სანიოლი ლევან შენგელიას ხშირად იძახებს ხოლმე, რადგან გამოცდილ ფეხბურთელს თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია, მაგრამ შეტევაში შექმნილი დიდი კონკურენციის გამო, ამჯერად შენგელიას ადგილი ვერ მოიძებნა.
არადა, ბერძნულ ოფისთან ერთად შენგელია ახალი სეზონისთვის მზადებას გადის და ორი ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. თუ სანიოლის 3 მცველიანი ტაქტიკით ითამაშებს, ფრანგი სპეციალისტი მარცხენა ფლანგზე აზაროვს, წიტაიშვილსა და ლოჩოშვილს განიხილავს.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთს, 7 სექტემბერს კი ბულგარეთს უმასპინძლებს.









