სამმაგი გვირგვინის კლუბს ბოლოს შეემატა ლიონელ მესი, რომელსაც წარსულში არაერთხელ მოუგია ჩემპიონთა ლიგა და ოქროს ბურთი, თუმცა მსოფლიო ჩემპიონობა მან მხოლოდ 2023 წელს მოიპოვა. ამ სიაში არგენტინელი ფორვარდის ყოფნა ყველასთვის გასაგებია, საინტერესოა, ვინ არიან ელიტური კლუბის დანარჩენი წევრები?
საპატიო სიის სათავეში მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული თავდამსხმელი, სერ ბობი ჩარლტონია, რომელმაც ზემოთ ხსენებული სამი ტიტული 1966-1968 წლების შუალედში მოიგო. ინგლისელ ფორვარდს 70-იან წლებში შეემატნენ მიუნხენის ბაიერნის საკულტო მოთამაშეები: ფრანც ბეკენბაუერი და გერდ მიულერი.
გერმანელი ლეგენდები სამმაგი გვირგვინის კლუბის წევრები 1972-1976 წლებში გახდნენ. სიაში შემდეგი, კიდევ ერთი საკულტო ფეხბურთელი - პაოლო როსი. ყველამ ვიცით, თუ როგორი გამორჩეული იყო იტალიელი ფორვარდისთვის 1982 წელი (მუნდიალი, ოქროს ბურთი), 1985-ში კი მან ტურინის იუვენტუსთან ერთად ჩემპიონთა თასიც მოიგო.

დადგა ზინედინ ზიდანის ჯერიც, რომელმაც 1998 წელს მოგებულ ჯილდოებს (მსოფლიო ჩემპიონატი, ოქროს ბურთი), 2002-ში ჩემპიონთა ლიგაც მიამატა. ახლა კი იწყება ბრაზილიელი ჯადოქრების დომინაცია, პირველი: რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირა, რომელმაც სანატრელი ჯილდოები 1999-2003 წლებში მოიგო.
მეორე - რონალდინიო გაუჩო. 2002 წელს მოგებულ მსოფლიო ჩემპიონატს მან 2005-2006 წლებში ჩემპიონთა ლიგა და ოქროს ბურთიც მიამატა. მესამე - რიკი კაკა, ისევ 2002 წლის მუნდიალი და შემდეგ უკვე მისთვის ტრიუმფალური - 2007 წელი. როგორი გასაკვირი და სამწუხაროც არ უნდა იყოს, ელიტურ კლუბში ადგილი რონალდო ნაზარიოსთვის ვერ მოიძებნა.

ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელის კოლექციაშია მსოფლიო ჩემპიონობა და ოქროს ბურთები, თუმცა არა - ჩემპიონთა ლიგა. მართალია, ის 2007 წელს მილანში ირიცხებოდა, როდესაც ამ კლუბმა მოიგო ლიგა, მაგრამ "სელესაოს" ფორვარდი განაცხადს მიღმა იყო. ის "როსონერიში" გადავიდა ზამთარში და უეფას იმდროინდელი წესების მიხედვით, იანვარში მოსულ მოთამაშეს არ ჰქონდა ევროთასებზე თამაშის უფლება, თუ ის იმავე სეზონზე სხვა კლუბის მაისურით გამოდიოდა.
როგორც აღვნიშნეთ, სამმაგი გვირგვინის უკანასკნელი, მეცხრე წევრი მესია. მან ამ სამიდან პირველი ტიტული (ჩემპიონთა ლიგა) 2006 წელს მოიგო. არგენტინელ ფორვარდს ელიტურ კლუბში გაწევრიანებისთვის 17 წელი დასჭირდა. ვნახოთ, ვინ იქნება მე-10 წევრი. ყველაზე ახლოს, ჯერჯერობით, არის კრიშტიანუ რონალდუ, თუ, რა თქმა უნდა, პორტუგალია თავის ლეგენდასთან ერთად მოიგებს მუნდიალს.










