ფინანსები:
"ფეხბურთი "ავადაა", რადგან, პირველ რიგში, ამ სპორტში ეკონომიკაა საშინელ მდგომარეობაში. შიდა ჩემპიონატები ფინანსურად ძალიან დასუსტებულია. იმის მიუხედავად, რომ უეფა საკუთარ ტურნირებში დიდ თანხას აბანდებს, ეს მაინც არაა საკმარისი იმ გუნდებისთვის, რომლებსაც დიდი ვალი აქვთ. ჩემპიონთა ლიგაზე €2.4 მილიარდი გამოიყოფა, ევროპა ლიგაზე - €500 მილიონზე მეტი, ხოლო კონფერენს ლიგაზე - €238 მილიონზე მეტი... ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, მაგრამ საკმარისი მაინც არაა. სპორტის ეს სახეობა მდგრადი აღარ არის. უეფა გვაიძულებს ძალიან ბევრი ვითამაშოთ, მაგრამ ამით გულშემატკივრებს ვერ ვიზიდავთ, სიტუაცია შეიცვალა."
"ფეხბურთი ყველასთვის უფასო უნდა იყოს. თუ გსურთ აუდიტორიის გაზრდა, პირდაპირი ტრანსლაციები უფასოდ უნდა გადაიცემოდეს. ასევე მნიშვნელოვანია ყველაფრის კარგად შეფუთვა, თუ როგორ ვუჩვენებთ გულშემატკივარს ამა თუ იმ თამაშს და ჩემპიონატს. საჭიროა სტადიონების რეაბილიტაცია, იტალიაში ამ მხრივ საშინელი სიტუაციაა, ხალხი სტადიონებზე აღარ დადის, რადგან ისინი თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ. შედარებისთვის ავიღოთ ფორმულა 1, ტექნოლოგიურად ამ სპორტის ტრანსლაცია იმდენად განვითარდა, რომ მგონია, მძღოლის სავარძელში მე ვზივარ, არადა ამ დროს სახლიდან ვუყურებ ტელევიზორში. ასეთი კომფორტია საჭირო ფეხბურთშიც."
ოსიმენის მომავალი:
"ვიქტორი დიდებული მოთამაშეა. ის ნაპოლის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ ბევრი ლეგენდა გვყავს, მაგალითად: კავანი, იგუაინი, მერტენსი, ლავეცი, ჩვენთან თამაშობდნენ ფეხბურთელები, რომლებსაც ამ კლუბში თამაში და ნეაპოლში ცხოვრება უყვარდათ. ჩვენი ქალაქი ფანტასტიკურია. აქაურობაზე გაგიჟებით შეყვარებული იყო ჰამშიკიც, რომელმაც ჩვენთან 11 წელი გაატარა. მაგრამ არსებობენ რეალ მადრიდის, არსენალის, პსჟ-ს, მანჩესტერ სიტისა და ჩელსის მსგავსი კლუბები, რომლებსაც დიდი ფინანსები აქვთ. რთულია ასეთ დროს ტოპ მოთამაშე შეინარჩუნო. ოსიმენს კონტრაქტში დიდი გამოსასყიდი თანხა უწერია, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილ გუნდებს ამ თანხის გადახდა წამებში შეუძლიათ. ახლა არავინ იცის, ვინ დატოვებს ნაპოლის ზაფხულში, ყველაფერს ერთად ვნახავთ. ფული ჩვენთვის ყველაზე ბოლო პრობლემაა, ჩვენ ყოველთვის შესანიშნავ ტრანსფერებს ვაკეთებთ, ასე ვიყვით ადრე და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც, ფინანსები არაფერს შეცვლის. აქ სხვა პრობლემებს ვაწყდებით, როდესაც ფეხბურთელი მიდის, ეს ბავშვთან დამშვიდობებას ჰგავს, თუმცა იმით მაინც კმაყოფილი ხარ, რომ ამ ბავშვს შენთან ერთად ბედნიერი წუთები აქვს გატარებული და სადაც არ უნდა წავიდეს, მას ბევრ წარმატებას უსურვებ."

აგენტები, მსაჯები და სუპერ ლიგა:
"აგენტები ფეხბურთის კიბოა. რაც შეეხება მსაჯებს, მათი კლასი ასამაღლებელია. ვფიქრობ, მსაჯს მწვრთნელის გაზევების არანაირი უფლება არ უნდა ჰქონდეს, ეს ჩემთვის მიუღებელია. ფეხბურთი ამ წესით ხუმრობას ემსგავსება. სუპერ ლიგა? - 10 წლის წინ ევროპულ კლუბებს დაახლოებით ასეთი პროექტი შევთავაზე. ასეთ წამოწყებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივესალმები, თუ დემოკრატია იქნება და კლუბები ამ ტურნირზე მონაწილეობას მხოლოდ დამსახურებით მიიღებენ და არა მემკვიდრეობით ან ფინანსების გამო. ისინი გვპირდებიან, რომ 2025 წლიდან ამ პროექტს დაიწყებენ, არ ვიცი, ვინც იმ დროს ცოცხალი იქნება, ნახავს რამდენად შედგება ეს ტურნირი."
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი:
"ნაპოლი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე? - იუვენტუსის გამო ვწუხვარ, ისინი უეფამ დასაჯა და ევროტურნირებიდან მოკვეთა. თუ ჩვენ ბარსელონას განმეორებით მატჩში დავამარცხებთ და ამის შემდეგ კიდევ ერთ მოგებას ან ფრეს ვითამაშებთ, ვფიქრობ, ამ ტურნირზე მონაწილეობას მივიღებთ. მაგრამ ამ ყველაფერს რომ თავი დავანებით, ამ ტურნირზე მაინც უნდა ვითამაშოთ, რადგან თუ უეფამ იუვე ყველა ტურნირიდან მოკვეთა, ისინი არც ამ გათამაშებაზე არ უნდა დაუშვან."









